თბილისი, DFWatch – საქართველოს მთავრობა ტრადიციული რელიგიური ჯგუფებისთვის 3.5 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს და აპირებს, ტოლერანტობის იდეას თბილისის ცენტრში ახალი სკვერი მიუძღვნას.
როგორც ადრე DF Watch იუწყებოდა, ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის მზარდი უთანხმოება შეიმჩნეოდა.
მუსულიმები შიგადაშიგ პრობლემებს აწყდებოდნენ სალოცავ ადგილებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებს კი ფიზიკურად ესხმოდნენ თავს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჯეროვანი რეაგირება არ მოსდევდა-ხოლმე.
ამ მოვლენების ფონზე მთავრობამ 2014 წლის თებერვალში რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტო ჩამოაყალიბა.
ამ უწყების შესახებ, რომელიც არც თუ შესაშური მონდომებით თანამშრომლობს მედიასთან, საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომლის ფუნქციაც, მისი წესდების თანახმად, არის რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო, კვლევითი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობის წარმოება.
ორშაბათს დაწესებულების ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განმარტა, რომ 2014 წელს სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან ოთხ რელიგიურ უმცირესობას 1.75 მილიონი ლარი დაურიგეს, რაც საბჭოთა კავშირის მიერ მათთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას წარმოადგენს. 1.1 მილიონი ლარი მუსლიმებს ერგო, 300,000 – სომხურ სამოციქულო ეკლესიას, 200,000 – კათოლიკურ ეკლესიასა და 100,000 ებრაულ თემს.
მისი თქმით, 2015 წელს სააგენტო სახელმწიფოსა და სხვადასხვა რელიგიურ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს. ამ საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს საბჭოთა რეპრესიების შედეგად მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას შესთავაზებს და მხარს დაუჭერს დიალოგს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფო შორის, შეიქმნება ამ საკითხზე მომუშავე სპციალური კომიტეტები და კომისიები, და მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში მულტირელიგიურობისა და მულტიკულტურალიზმის განმტკიცების მიმართულებით.
წელს სახელმწიფო აპირებს ოთხ რელიგიურ უმცირესობას, ე.წ. “ტრადიციულ რელიგიებს”, შარშანდელზე ორჯერ მეტი თანხა – 3.5 მილიონი ლარი – გაუნაწილოს.
სხვა რელიგიური ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, იეზიდები და სხვა, “ტრადიციულ რელიგიებად” არ განიხილება და, შესაბამისად, მათთვის ფინანსური დახმარება გათვალისწინებული არ არის.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2014 წელს და წლეულსაც 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად უნდა აუნაზღაურდეს საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1920 და 1930 წლებში, მიყენებული ზიანი.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი ღონისძიებაა სპეციალური რელიგიური კალენდრის გამოცემა, სადაც აღნიშნულია არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმების, სომხების, კათოლიკეებისა და ებრაელების რელიგიური დღესასწაულები. შეგახსენებთ, რომ ასეთი კალენდარი შარშან უკვე დაიბეჭდა.
ამას გარდა, სააგენტო, თბილისის მერიასთან ერთად, ტოლერანტობის მოედნის გახსნას გეგმავს, რომელიც ევროპის მოედნის სიახლოვეს იქნება. ამ მოედანზე საქართველოში რელიგიური ტოლერანტობისთვის მიძღვნილი ქანდაკება უნდა დაიდგას.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.