ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუმწყნარებლობის არსებობაზე საუბრობს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის რვა საჯარო სკოლა შეისწავლა და დაასკვნა, რომ განათლების სამინისტროს არ აქვს გააზრებული სკოლებში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სიმწვავე.
არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, სკოლაში არსებული გარემო არატოლერანტულია და არსებობს პრობლემები სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებითაც.
EMC-მ მასწავლებელთა რვა ფოკუს ჯგუფზე დაკვირვებით გამოავლინა, რომ პედაგოგთა უმრავლესობის დამოკიდებულება დისკრიმინაციულია.
„იყო ქართველი იგივეა, იყო მართლმადიდებელი“, „მართლმადიდებლობის პოპულარიზაცია ჩემი, როგორც მართლმადიდებლის, მოვალეობაა, სხვანაირად როგორ უნდა ვასწავლო შუშანიკის წამება?“, „სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. სამწუხაროდ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის მიუღებელია, რომ ქართველი იეჰოვას მოწმეა“- ეს არის მასწავლებელთა კომენტარები ბავშვების რწმენის შესახებ საუბრისას.
სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა წლის განმავლობაში რწმენის თავისუფლების მხრივ უკეთესობა სკოლებში არ შეინიშნებოდა. ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა თქვა, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები არ არიან დაცული ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური დევნისგან.
„დისკრიმინაციული კლიმატი და ჩაკეტილი სივრცე წარმოშობს საფრთხის განცდას, რაც უმცირესობების წარმომადგენლებს პრობლემებს უქმნის (…) მშობლები და მოსწავლეები თავს იკავებენ სკოლაში არსებულ დისკრიმინაციაზე საჯაროდ საუბრისგან,“ ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
15 წლის მარიმ DFWatch-ს უთხრა, რომ მისი ისტორიის მასწავლებელი ხშირად იწყებს გაკვეთილს ლოცვით და მოსწავლეებისგანაც მოითხოვს პირჯვრის გადაწერას.
„ზოგჯერ, როცა გაკვეთილი გვიცდება და თავისუფალი დრო გვაქვს, მოდის და აქვე, ეკლესიაში მივყავართ. კლასში ყველანი მართლმადიდებლები ვართ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.“
EMC-მ თავის კვლევაში ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ განათლების სამინისტრო სასწავლო ლიტერატურას წინასწარ ვერ ამოწმებს და შინაარსის განსაზღვრას მთლიანად სკოლას ანდობს.
კვლევის ავტორმა ლინა ღვინიანიძემ განაცხადა, რომ ისტორიის სახელმძღვანელოები მიკერძოებულია, ქართველობა გაიგივებულია მართლმადიდებლობასთან და აღქმულია როგორც „ჩვენ“ მაშინ, როცა არამართლმადიდებლური ჯგუფები მოხსენიებულია უარყოფით კონტექსტში, როგორც „ისინი“.
„რელიგია შეიძლება იყოს სასწავლო პროგრამის ნაწილი, მაგრამ ის უნდა ისწავლებოდეს როგორც საგანი და არა როგორც რწმენა,“განაცხადა ღვინიანიძემ.
„განათლების სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს მსგავსი პრობლემატური საკითხების აღმოსაფხვრელად, დაატრენინგოს მასწავლებლები, რამდენადაც კვლევამ აჩვენა, რომ მათ დისკრიმინაციული დამოკიდებულებები გააჩნიათ. ასევე, არსებობს პრობლემები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებითაც, რაც უნდა მოგვარდეს,“ განაცხადა ვახუშტი მენაბდემ, EMC-ის წარმომადგენელმა.
კვლევის გამოქვეყნებასთან ერთად EMC-მ საქართველოს განათლების სამინისტროს საკუთარი რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.