რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი რუსეთის მოქალაქე აღარაა და მან სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამ ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.
„ჩატაევს ავსტრიის ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა და მას საქართველოს მოქალაქეობა არასდროს ჰქონია,“- DFWatch–ს განუცხადა იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ.
ცნობისათვის, ჩეჩნეთის შს სამინისტროს ვედენოს რაიონული განყოფილების მილიციის უფროსის მოადგილემ აბუფეტ მუჰადინოვმა „რია ნოვოსტს“ განუცხადა, რომ სირიაში გამგზავრებამდე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა აჰმედ ჩატაევმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
„ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში, უკრაინაში. უკრაინამ ის საქართველოს გადასცა, სადაც ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. 2015 წელს კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა“, – განაცხადა ჩეჩენმა სამართალდამცავმა.
მისივე ინფორმაციით, რუსულ მხარეს თურქი კოლეგებისთვის მიწოდებული აქვთ ინფორმაცია, რომ ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.
მუჰადინოვის განცხადებით, ახმედ ჩატაევის ძმა, 1991 წელს დაბადებული მანსურ ჩატაევი ჩეჩნური იატაკქვეშეთის წევრი იყო, 2008 წლიდან ის ძებნაშია გამოცხადებული და რუსული სპეცსამსახურების ცნობით, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
უფრო მეტიც, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ჩამოსულმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღავნელმა ნიკოლაი კოვალიოვმა ისიც კი განაცხადა, რომ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, სტამბოლის ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
„რუსეთი ტერაქტის ორგანიზატორის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. ავსტრიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსულ ბანაკებში წამების შედეგად ხელი დაკარგა – ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ლტოლვილად აღიარებისთვის. ამის შემდეგ ის ავსტრიის ტერიტორიაზე დააკავეს, ავსტრიამ ისევ უარი თქვა მის გადმოცემაზე, შემდეგ დააკავეს უკრაინაში, თანაც იარაღით, თუმცა ის უდანაშაულოდ ცნეს და გადასცეს საქართველოს, შემდეგ კი ის თურქეთში აღმოჩნდა“, – განაცხადა კოვალიოვმა.
ტერაქტი სტამბულის ათათურქის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში სამშაბათს ღამით განხორციელდა. ოფიციალური ანკარის ცნობით, აფეთქება 8 ტერორისტმა განახორციელა, მათგან 3 უცხოელი იყო, აქიდან დადასტურებულია, რომ 2-ს რუსული პასპორტების ჰქონდათ. გარდაცვლილია 43 ადამიანი და მათ შორის 13-ზე მეტი უცხოელი, 239 დაჭრილია. თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოპოვებული სამხილები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ ტერაქტის კავშირზე მიუთითებენ.
თურქულმა მედიამ 1 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ. ჩატაევის ტერაქტთან შესაძლო კავშირზე საუბრობს აშშ–ს ოფიციალური პირებიც. აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აჰმედ ჩატაევი, CNN-ის პირდაპირ ეთერში დაასახელა.
სტამბოლის ტერაქტიდან 4 დღის შემდეგ, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ძალოვანებმა 41 ეჭვმიტანილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.
წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი, იგივე „ცალხელა ახმედა“ რუსეთის მოქალაქეა და ადრე კავკასიაში მოქმედი დაჯგუფების, „კავკასიური იმარატის“ საველე მეთაური იყო. ის 2010-2012 წლებში საქართველოშიც ცხოვრობდა. 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციისას ჩატაევი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით მაშინ რამდენიმე უფლებადამცველი გამოდიოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი 2012 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი პროკურატურის შუამდგომლობით 5000-ლარიანი გირაოთი დარბაზიდან გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრალდება საერთოდ მოუხსნა. გათავისუფლების შედეგ ის სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც მას ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. ავსტრიიდან კი „ისის“-ში აღმოჩნდა.
2015 წლის ოქტომბერში აშშ–მა ჩატაევი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. თავის მხრივ, გაერო–ში იტყობინებიან, რომ ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს და ის პასუხისმგებელია “ისლამური სახელმწიფოსათვის” რუსულენოვანი მებრძოლების რეკრუტირებაზე.
ჩატაევის ტერაქტთან შესაძლო კავშირის შედეგ მისი გათავისუფლების გამო კითხვები საქართველოშიც დაისვა და ერთგვარი თავის გასამართლებლად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განცხადა, რომ ის ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო და ირიბად ეს წინა ხელისუფლების მხრიდან არსებულ გავლენას დაუკავშირა.
„მაშინ პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი“, – განაცხადა წულუკიანმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.