hajimb

(Sputnik Abkhazia)

ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა,  თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს,  „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით  მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

„რეფერენდუმი ჩატარდება. თუკი თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ხაჯიმბამ დატოვოს თანამდებობა, მე დავთანხმდები. თუკი ასე არ იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. მე ვერავინ შემაშინებს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

საუბარია 10 ივლისს დანიშნულ რეფერენდუმზე, სადაც უნდა უნდა დაისვას შეკითხვა – „ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“. რომლის ჩატარებაც, მარტის დასაწყისში 46-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა და ცესკოში განაცხადი შეიტანა.  მიზეზად  კი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა დასახელდა.

თუმცა,  ოპოზიცია აცხადებს, რომ ხაჯიმბამ რეფერენდუმი შუა ზაფხულში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის იმედით გამოაცხადა. გარდა ამისა, მათივე თქმით,  არჩევნებში მონაწილეობას ყველა აფხაზი ვერ მიიღებს, რადგან ბევრი მათგანის პასპორტს ვადა აქვს გასული და ჯერ ახალი პასპორტების დარიგება წესიერად არც დაწყებულა.რეფერენდუმი კი დე ფაქტო კანონმდებლობით ჩატარებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა 50% მაინც იღებს.

ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის დაშინებაშიც ადანაშაულებს. ამდენად, არასაკმარისი პასპორტებისა და მუქარის შედეგად დიდი ალბათობაა, რომ რეფერენდუმზე ძალიან დაბალი აქტივობა იყოს და ჩაიშალოს.

სწორედ ამ რეფერენდუმის  შემოდგომისთვის გადადებასა და  ე.წ. შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას ითხოვდა ოპოზიცია 5 ივლისს, დე ფაქტო შს სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა შენობის შტურმით აღება რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც მის შესასვლელთან მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები და სპეცრაზმი. ერთ-ერთი შტურმისას 19 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 სავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

საპროტესტო აქციის ინიციატორი ხაჯიმბას ოპოზიციური გაერთიანება „ამცახარა“ იყო, რომელიც 2014 წელს ძალით გადაყენებული ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეა. მან მოთხოვნების სიაც გამოაქვეყნა და „პრეზიდენტს“ გაუგზავნა.

მთავარი მოთხოვნებია: რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადება; ასევე ვადაგასული პასპორტების მქონე პირებისათვის ხმის მიცემის ნებართვა, უბნების გახსნა რუსეთშიც და შს მინისტრის გათავისუფლება. ამ ბოლო მოთხოვნის მიზეზად კი „რესპუბლიკაში“ კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავება და რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდება დასახელდა.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მინისტრი თანამშრომლებს ემუქრებოდა, რათა მათ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიციამ ამ მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გაავრცელა.

თავდაპირველად ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ოპოზიციის პროვოკაციას არ აჰყვებოდა და მათ მხოლოდ იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, რომელიც საარჩევნოდ ვადაგასული პასპორტების დაშვებას გულისხმობდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა, ხაჯიმბამ „სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით“ „მინისტრს“ უფლებამოსილება დროებით შეუჩერა, „პროკურატურის“ მოკვლევის დასრულებამდე.