გალში მცხოვრებ ქართველებს, გარდა იმისა, რომ საბუთების მისაღებად თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც უწევთ ლოდინი, მზა საბუთის ასაღებად რიგში საათობით უწევთ დგომა.
როგორც DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საპასპორტოში ხშირად ხდებიან აფხაზების მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი.
„ქართველები ახლა მხოლოდ ბინადრობის უფლებას ვიღებთ. საბუთების ჩაბარებიდან თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც გვიწევს ლოდინი. თუ გაგვიმართლა და მზა საბუთების სიაში აღმოვჩნდებით, რომელსაც პერიოდულად აკრავენ ე.წ. საპასპორტოში, მერე ასაღებად ცალკე რიგი გვიწევს. რა თქმა უნდა, წესრიგზე საუბარიც ზედმეტია. იკავებ ცოცხალ რიგს, ან გადასწრებაზე მიდიხარ, ან წეწვა-გლეჯვაში მოჰყვები. დასწრებაზეა, რადგან ყველას უნდა დროულად აიღოს და მეორე დღემდე არ მოუწიოს ლოდინი. ტრანსპორტი სოფლებისკენ პერიოდულად დადის, ეს ცალკე პრობლემაა. თუ ვერ მოასწარი აღება, იმ დღეს სახლში უნდა მობრუნდე და მეორე დღეს ისევ იგივე რიგში ჩადგე. თუ არ გაგიმართლთა, ისევ იგივე წრეზე მიდიხარ და ა.შ. ხალხი დილაუთენია მოდის და იკავებს რიგს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს საშუალება საკუთარი ტრანსპორტით იმგზავროს“, – აღნიშნავს გალის მკვიდრი.
ადგილობრივები აფხაზების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
„ხალხს საქონლის ჯოგივით ექცევიან. არაფერს ვამბობ ტერმინებზე და მიმართვის ფორმებზე. ღიზიანდებიან რიგში ხმაურის გამო, შეუძლიათ ყველაფერზე მოგდონ შარი. ბღავიან, სრული ამ სიტყვის მნიშნელობით და უბღავიან 70-80 წელს მიღწეულ მოხუცებს. არც ასაკს სცემენ პატივს, არც სხვა რამეს. როცა უნდათ მიიხურავენ კარს და შესვენებაზე გადიან. არ ადარდებთ გარეთ რამდენი ადამიანი ელოდება რიგს“, – აღნიშნავს სოფელ ნაბაკევის მკვიდრი.
„საბუთს დაახლოებით ერთი წელი ველოდი. ეს საბუთი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საკუთარ ოჯახთან შევძლო ჩასვლა. მშობლებმა დამირეკეს, მზა საბუთების სიაში ხარ და ჩამოდიო. აქამდე ე.წ. ფორმა 9 მქონდა, რომელსაც ვადა უკვე ეწურებოდა, შესაბამისად, თუ ბინადრობის უფლებას დროულად არ ავიღებდი, არანაირი საბუთი არ მრჩებოდა „საზღვარზე“ გადასასვლელად. რიგში დილიდან ვიდექი, მე ახალგაზრდა ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სიცხის და ჭყლეტვის ატანა ნებისმიერისთვის ძნელია, შედარებით მარტივად ვიტანდი იმ ხალხთან შედარებით, ვინც ჩემს გვერდით იდგა. ვუყურებდი და მეტირებოდა ასაკიან ბებია-ბაბუებზე, ჯოხებზე დაყრდნობილები რომ ელოდებიან რიგს. არც სკამია რომ ჩამოჯდნენ, არც რიგის დათმობა ან რაიმე შეღავათი ასაკიანისთვის, აქ ხომ ძირითადად ასეთი ხალხი დგას. გააღებენ კარს, შებღავლებენ გაიწიეთო, კრავენ ხან ერთ მოხუცს ხელს, ხან მეორე. ბარბაცებენ ეს ხანში შესული ბებია-ბაბუები. საშინლად დამამცირებელი და აუტანელია მსგავსი მოპყრობის ყურება, რაზეც ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საშინლად მძაფრი რეაქცია მექნებოდა. იქ კი დგახარ და ხმას ვერ იღებ, უყურებ დამუნჯებული და ყელში მობჯენილი ცრემლები გახრჩობს. რის ფასად გიწევს იმ ფარატინა ფურცლის აღება, რომელიც საკუთარ სახლში ყოფნა-არყოფნის საკითხს გიწყვიტავს,“ – უყვება DFWatch-ს ი.გ.
ი.გ. არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს ისტორიას ყვება. გალში მცხოვრებ თითქმის ყველა ქართველს, მსგავსი დამცირების ატანა სისტემატიურად უწევს, რათა იქ ყოფნის უფლება მოიპოვოს.
ცნობისთვის, ამჟამად ქართველებს გალში ცხოვრებისთვის „ბინადრობის უფლების“ აღება უწევთ, რაც დაახლოებით 500 ლარამდე ჯდება. მოსახლეობას არ აქვს იმის გარანტია, რომ დე ფაქტო მთავრობა ცოტა ხანში ისევ სხვა საბუთს არ მოიგონებს და თანხაც და ლოდინიც წყალში არ ჩაეყრებათ. აღნიშნული საბუთის არ ქონის შემთხვევაში, ადგილობრივები ტერიტორიას ვერ ტოვებენ, დღეს კი გალში ასეთი უამრავი ქართველი ცხოვრობს, რომელიც საბუთს უკვე თვეებია ელოდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.