მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისათვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე თვის წინ პატრიარქს იმ უკანონობაზე აწვდიდა ინფორმაციას, რაც, მისი თქმით, საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა.
წერილის აუთენტურობა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჯერ დადასტურებული არაა. თუმცა, სავარაუდოდ, მასში დეკანოზი ილია მეორის სხვადასხვა დარღვევაზე აფრთხილებდა.
მასში ნათქვამია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც იმ დროისათვის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო, ამ ყველაფრის გახმაურებას ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე გეგმავდა, მაგრამ „გარკვეულმა ჯგუფმა“ ამის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
წერილში მამა გიორგი მამალაძე ეკლესიის ქონების გარშემო შექმნილ სიტუაციას სავალალოს უწოდებს და ამის დასადასტურებლად არაერთი მაგალითი მოჰყავს.
მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა კერძო შპს-ები, რომლებიც წლებია სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოებას, სამშენებლო საქმიანობას; ასევე, არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც „კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას“.
იგი ყურადღებას ამახვილებს ეკლესიის მფლობელობაში არსებულ მიწებზეც, რომელიც, მისივე თქმით, დატაცებულია. ასევე, საპატრიარქოს კლინიკაზე, სადაც ფინანსური შემოწმების შედეად 5 მილიონ ლარამდე დავალიანება იქნა აღმოჩენილი, რაც, დეკანოზის ინფორმაციით, კრიმინალის ნიშნებს შეიცავს. აქვე იმასაც დასძენს, რომ ამ ინფორმაციის გახმაურება მას საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად აუკრძალა.
„თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს,“ – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ ავრცელებულ წერილში.
წერილის გავრცელებისთანავე მეუფე იაკობმა ას „ზღაპრები“ უწოდა და თემის გადაფარვის მცდელობად მიიჩნია.
„თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? ” – განაცხადა მეუფემ, რომელიც ამჟამად გერმანიაში სამკურნალოდ წასულ პატრიარქს თან ახლავს და არ გამორიცხა, რომ თუკი ვინმეს დანაშაული გამოიკვეთა მათ „საქართველოში ცხოვრება აუკრძალონ და საზღვარგარეთ გაყარონ“.
თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი პროკურატურას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობის მოხსნას თხოვს, რათა საქმის დეტალებსა და მათ არუმენტებზე საუბარი შეძლოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.