ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ეს რელიგიური გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და მისი საქმიანობა აიკრძალა.
გადაწყვეტილება ცხინვალის უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ის რამდენიმე დღეში ძალაში შევა. თუკი ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეები სადმე შეიკრიბებიან ან რელიგიურ წიგნებს გაავრცელებენ, მათ სასჯელის სახით 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, დე ფაქტო სს კოდექსის 282-ე ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის“ მუხლის მიხედვით.
როგორც რელიგიის საკითხებში ცხინვალის მთავრობის რწმუნებული სონია ხუბაევა ამბობს, სამხრეთ ოსეთში იეჰოვას მოწმეების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 2%-ია და ამატებს, რომ ამ რელიგიას სამხრეთ ოსეთში „საქართველოდან გამოგზავნილი ოსები ავრცელებენ“.
დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის ივლისში წარადგინა. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ამ რელიგიური ორგანიზაციის შეკრებებზე „ექსტრემისტული იდეების პროპაგანდა და ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება“ ხდება. ამავე პერიოდში ორგანიზაციის წევრები გაჩხრიკეს და ამოიღეს რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ცხინვალის მთავრობის მიერ ექსტრემისტული მასალის სპეციალურ სიაშია შეტანილი.
ივლისში დაწყებული საჩივრის განხილვა დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 11 ოქტომბერს დაასრულა და განაჩენიც გამოიტანა – იეჰოვას მოწმეებს შეკრება და რაიმე სახის საჯარო საქმიანობა ეკრძალებათ.
ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „სპუტნიკ-ოსეთიასთან“ საუბარში იუსტიციის დე ფაქტო მინისტრმა ზალინა ლალიევამ განაცხადა.
„სასამართლომ საქმე წინა კვირას განიხილა. თუკი გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, ის 10 დღის ვადაში ძალაში შევა. მომავალში კი მსგავსი ორგანიზაციების რეესტრი იწარმოება. ვფიქრობ, ისინი იატაკქვეშეთში გადავლენ, მაგრამ მათი საქმიანობა შესაბამისი ორგანოების მიერ მაინც გაკონტროლდება,” – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები აპრილში რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც ექსტრემისტებად სცნო და მათი საქმიანობა აკრძალა. სექტემბერში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რუსეთში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების საჩივარი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.