ცხინვალის რეჟიმის უშიშროების მიერ საკუთარი ნაკვეთიდან გატაცებულ 37 წლის ქალს, მაია ოთანაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა აქვს წაყენებული.
საგულისხმოა ის, რომ როგორც წესი, ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გატაცებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებს და მალევე ათავისუფლებს. ამჯერად კი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს მოქალაქეებს” ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და ამდენად, მას ეს ბრალდებაც აქვს წაყენებული.
37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხურვალეთიდან (იგივე ბობნევი) 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავების დროს ქალი იმყოფებოდა საკუთარ მიწის ნაკვეთზე, სადაც კაკალს კრეფდა და სწორედ იქიდან გაიტაცეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გამტაცებლები ნიღბებით იყვნენ. მაია ოთინაშვილი სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა.
მთელი ამ დღეების განმავლობაში ოჯახს მოლოდინი ჰქონდა, რომ ჯარიმის გადახდას მოსთხოვდნენ და ქალს გაათავისუფლებდნენ, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ 3 შვილის დედას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გატაცებული ქალის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია გატაცებული ქალი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) განცხადებით, უკანონოდ დაკავებული მაია ოთანაშვილის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია „წითელი ჯვრის“ კომიტეტიც.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.