ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს.
ცხინვალში აცხადებენ, რომ ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო სამხრეთ ოსეთს „რესპუბლიკად“ აღიარებს და ბოდიშს მოიხდის 1992 წლიდან დღევანდლამდე ყველა ხელისუფლების ქმედებების გამო. სხვა შემთხვევაში თბილისში გაკეთებული განცხადებები არის მხოლოდ „პოპულიზმი“, „სასაცილო მცდელობები“ და „ლირიკა“. აღიარების გარეშე „სასაზღვრო“ ვაჭრობა შეუსაბამოა და ისინი ამას არ დათანხმდებიან.
ცნობისათვის, 20-21 დეკემბერს პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებამდე საკომიტეტო მოსმენებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შერიგების პოლიტიკის შესახებ „ძალიან საინტერესო პაკეტის“ წარდგენას აპირებს.
მისი თქმით, „ოკუპაციის შესახებ” კანონში შესწორებები შედის, რომელიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან ვაჭრობის წახალისებაზე და ამ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში სულ მალე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.
გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა და თხოვნაცაა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გაფართოვდეს.
„ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატიდან გავფართოვდეთ და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის ფორმატის, ასე ვთქვათ, ფუნქციაც და მანდატიც მივანიჭოთ ამ ფორმატს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, თქვა, რომ უკვე მუშაობენ, რათა ჟენევის დისკუსიების ფორმატი მინისტრის მოადგილის დონიდან მინისტრის დონეზე ამაღლდეს და მასში პრემიერის რანგში პირადად ჩართვის მზადყოფნაც გამოთქვა.
ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრებთან სავაჭრო ურთიერთობებზე გამოთქმულ განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა ekhokavkaza.com-თან საუბარში ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ „გაიზარდონ“.
მისი თქმით, თუ თბილისს სერიოზული ნაბიჯის გადადგმა სურს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა „დანაშაულზე”, რაც ჩადენილია 1992 წლიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყველა რეჟიმის მიერ, რომელიც საქართველოს მართავდა. მისი თქმით, სხვა ყველაფერი „არის ლირიკა”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი ამბობს, რომ საქართველო ისევ ცალმხრივად აწყობს რაღაც გეგმებს “საზღვრისპირა“ თანამშრომლობაზე, მაგრამ მისი რეალიზება შეუძლებელია „სასაზღვრო ზოლის ორმხრივად განსაზღვრის გარეშე” და ცხინვალი ყველა შეხვედრაზე მუდმივად ამას ამბობს.
სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე პლიევმა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს „პოპულიზმი“, „სასაცილო მცდელობები“ და „პიარ-აქცია“ უწოდა.
ოსი პოლიტოლოგის ნიკოლაი სილაევის თქმით, ჟენევის დისკუსიის წინ წაწევა რომ მოხდეს, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის რთული, ამისთვის საკმარისია ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციას დაუჭიროს მხარი ისე, რომ მასში იმ შესწორებების შეტანის მცდელობა არ იყოს, რაც საკითხს არ ეხება და უარი თქვას გაეროს რეზოლუციის პროექტებში დევნილების დაბრუნების მოთხოვნაზე.
სილაევი მიიჩნევს, რომ თბილისის მიერ შეთავაზებული პროგრამები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სიტუაციაზე, ხოლო ოკუპაციის შესახებ კანონის შეცვლის სურვილი იმითაა განპირობებული, რომ ის მაინც ვერ მუშაობს თუნდაც იმ კონტექსტში, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეკონომიკურ საქმიანობას ვერ აკრძალავს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.