ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
უკანონო ბოდერიზაციის განახლების მიზეზად დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გახშირებულ ფაქტებს ასახელებს.
დე ფაქტო უწყება ოქტომბერში ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების სტატისტიკასაც ავრცელებს. მათი ცნობით, ოქტომბერში „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ დააკავეს 58 ადამიანი. მათგან 44 დააჯარიმეს, 4 დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას და ამავე დროს გააძევეს, 2 ადამიანს ჯარიმის გარეშე დაატოვებინეს ტერიტორია, ხოლო 8-ს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით დამრღვევთა მიერ გადახდილი ჯარიმების შედეგად ე.წ სახელმწიფო ბიუჯეტში 111 500 რუბლი (4 624 ლარი) შევიდა.
ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სუს-ში.
განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან. საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას..
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.