სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა საქართველოს 45 მოქალაქეებზე ძებნას აცხადებს. ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა პრესკონფერენცია გამართა და იმ საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის დაკავება მოხდა.
ცხინვალში მოკლულ ტატუნაშვილთან ერთად საოკუპაციო რეჟიმი “ოსი ხალხის გენოციდში” ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.
„2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სს საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვით ბრალი. მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს,“ – აცხადებს პოლიაკოვი.
პოლიაკოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების მიერ მოკლულია 162 ადამიანი, დაჭრილია 700-ზე მეტი, გატაცებულია 53, გადამწვარია 735 და განადგურებულია 1510 სახლი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ.
დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლის მტკიცებით, გამოძიებამ ასევე დაადასტურა ქართული სპეცსამსახურების განზრახვა მოეწამლათ ცხინვალის მოსახლეობა წყლის მილსადენ „ედის-ცხინვალში” ტოქსიკური ნივთიერებების შერევის გზით.
პოლიაკოვი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილიც, რომელიც 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, წინა დღით ახალგორის რაიონში დააკავეს, რადგან ის 2008 წლის ომში მონაწილეობდა და “ოსების გენოციდის” მონაწილე იყო, ასევე ეჭვმიტანილი იყო სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობის განხორციელებაში.
საგულისხმოა ის, რომ არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებია ოკუპირებულ ახალგორში ბოსტნეულის ბიზნესით იყო დაკავებული და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ გაცემული საშვით ახალგორში ძალიან ხშირად ჩადიოდა, მას პრობლემა არასდროს შექმნია. როგორც ახალგორში და ასევე მისი ახლობლები ამბობენ, ტატუნაშვილი დააკავეს ოს „მებაჟეებთან“ და ახალგორის მილიციის უფროსთან, ალექსნადრე ჯიოევთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო და გენოციდზე ბრალდება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიფიქრეს, რადგან მას 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია – ის ამ დროს საერთაშორისო მისიით ერაყში იმყოფებოდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.