უკვე ერთ კვირაზე მეტია ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში აიკრძალა ქართული პროდუქციის ზოგიერთი სახეობით ვაჭრობა, რის გამოც მოვაჭრეები დიდ ზარალს განიცდიან. გადაწყვეტილება რაიონის დე ფაქტო სანიტარულ-ეპიდემიურმა სადგურმა ოქტომბრის დასაწყისში გამოაცხადა. აკრძალვა ვრცელდება უმთავრესად თევზეულსა და ხორცპროდუქტებზე – ძეხვზე, ქათამზე, ნახევარფაბრიკატებზე.
ამ აკრძალვამდე ასევე გამოცხადდა, რომ დანარჩენი საქართველოდან იკრძალებოდა ხილ-ბოსტნეულის და მწვანილის შეტანა ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო, თუმცა ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ხილ-ბისტნეულით დატვირთული ტრანსპორტი კვლავ უპრობლემოდ შედის ახალგორში და მის გაყიდვასაც არავინ კრძალავს.
„დახლებიდან ხორცპროდუქტების აღების მოთხოვნას იმით ხსნიან, რომ, მათი აზრით, იგი უკანონოა, მისი ხარისხი უცნობია და ამიტომაც იგი საშიშია მოხმარებისთვის. თუ მოვაჭრეები პროდუქციას არ აიღებენ, მათ ჯარიმა ემუქრებათ. ამიტომაც მაღაზიები, რომლებიც ქართული საქონლით ვაჭრობენ, იხურება, რათა უსიამოვნებებს თავი აარიდონ”, – ყვება მეარაყიშვილი.არადა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, საქონელს სავალდებულო ე.წ. საბაჟო კონტროლი გავლილი აქვს, მათ შორის – ფიტოსანიტარულიც. ამდენად, ადგილობრივებს ახალი შეზღუდვის კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ.
ყოფილი ოსი მებაჟე ტიმურ კოკოითი „ეხოკავკაზასთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალგორთან გახსნილი „საბაჟოს“ სამართლებრივი სტატუსი თავისებურია. (ამ პუნქტს ოსები „რაზდახანის საბაჟოს“ ეძახიან).
„ის გაიხსნა იმისთვის, რომ რაიონის მოსახლეობას შეეძლოს საქართველოში ჩასვლა ნათესავებთან. ისინი გადაადგილდებიან საზღვარზე და ჩამოაქვთ საქონელი თითქოსდა პირადი მოხმარებისთვის. მოგვიანებით იქ გაიხსნა საბაჟო, თუმცა მაინც არსად არაა ნათქვამი, რომ ნებადართულია კომერციული ტვირთების გადატანა. ამიტომაც, მთელი ეს პროდუქცია, რომელიც საბაჟოს გავლით შემოდის და შემდეგ იყიდება როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში, ფორმდება როგორც პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი, უბრალოდ თუკი ტვირთის წინა 50 კგ-ზე ნაკლებია, გადატანა უფასოა,“ – ამბობს ის.
ასე რომ, ცხინვალის რეჟიმს ნებისმიერ დროს შეუძლია დე ფაქტო კანონით ქართული წარმოშობის ნებისმიერი საქონლის ვაჭრობის აკრძალოს, რადგან ის „რესპუბლიკაში“ ე.წ. საბაჟოს გავლით შედის პირადი მოხმარებისთვის. დროდადრო ასეც იქცევიან და ახალგორის მაღაზიებში რეიდებს აწყობენ „საქართველოდან უკანონოდ შეტანილი“ პროდუციის აღმოსაჩენად.
ამჯერად, ამ აკრძალვის ახალ ტალღას ადგილობრივები უკავშირებენ იმას, რომ ახალგორში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის ხელმძღვანელი შეიცვალა და მოვაჭრეების აზრით, ეს გარკვეულწილად კორუფციასთან არის დაკავშირებული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.