ცხინვალის რეჟიმი 2019-20 წლებში იმ სკოლების დახურვას გეგმავს, რომლებშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა. დასახური სკოლების სიაში მოხვდა ორი ქართული სკოლა – ერთ ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მდებარეობს, მეორე კი ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში. იხურება ახალგორის კიდევ ერთი, აბრევის ოსური სკოლაც, სადაც, დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ ორად-ორი მოსწავლე ირიცხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული საბავშო ბაღებისა და სკოლების წინააღმდეგ ოკუპირებულ რეგიონში აქტიური ბრძოლა 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წლის მაისში ახალგორის ერთადერთი ქართული ბაღი რუსულად გადააკეთეს. ქართულენოვანი თანამშრომლები, მათ შორის დარაჯები და მზარეულებიც კი დაითხოვეს და მათ ნაცვლად ეთნიკური ოსები აიყვანეს.
ასევე სანახევრად რუსულად გადაკეთდა ახალგორის რაიონში დარჩენილი ქართული სკოლა, სადაც პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლა ქართულ ენაზე აკრძალულია. პირველ კლასში შესულ ქართველ ბავშვებს, რომლებმაც ერთი სიტყვა რუსულიც არ იცოდნენ, რუსულენოვანი სახელმძღვანელოები დაურიგეს. ქართული ენა მე-5 კლასის ჩათვლით მხოლოდ ერთ რიგით საგნად ისწავლება.
ქართულად სწავლა მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით ჯერ ისევ დაშვებულია, ოღონდ აკრძალულია გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება ქართული სახელმძღვანელოებით. როგორ დე ფაქტო განათლების სამინისტროში აცხადებენ, ისტორიისა და გეოგრაფიის ქართული წიგნები „ტენდენციური” იყო, რის გამოც ისინი სასკოლო პროცესიდან გააძევეს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების პასუხად საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა. ამ პროგრამის საშუალებით მათ გაუდავილდებათ ჩააბარონ თბილისის უნივერსტეტებში. პროგრამა მომზადდა სამშვიდობო გეგმის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში და მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და განათლების სამინისტრო ახორციელებენ.
ახალი პროგრამის ფარგლებში, აბიტურიენტები ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ერთწლიან მოსამზადებელ კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლიან. შესაბამის უნივერსიტეტებში ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით, აბიტურიენტები ორ გამოცდას ჩააბარებენ – ერთს ქართულ ენაში, ხოლო მეორეს იმ საგანში, რომელსაც მათ მიერ არჩეული მიმართულება ითხოვს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში უნარები არ ისწავლება, მათ არ მოუწევთ ამ გამოცდის ჩაბარება, რადგან იყოს თანაბარი კონკურენტული გარემო.
„ეს არის სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის შექმნილი პროგრამა, რომ მათ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა და განათლების მიღება გაუმარტივოს, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 17 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე. პროექტი 2019 წლიდან სრულად ამოქმედდება.
ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელებენ სწავლას ახალგორში დახურული ქართული სკოლების მოსწავლეები. როგორც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა, სოსო ცოტნიაშვილმა გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა, დასახურად დაანონსებული სამი სკოლიდან ორში, ახმაჯსა და ახალშენის სკოლებში, ეთნიკური ქართველები დადიან, აბრევში კი ოსები. მისი თქმით, ქართველ ბავშვებს ძალიან უჭირთ რუსულად პროგრამის ათვისება და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრმა მშობელმა შვილი ისედაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანა, ამ ორი სკოლის დახურვა, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ბავშვია დარჩენილი, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.