(DFWatch.)

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავ სიას“ ცხინვალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა პეტრე გასიევმა განცხადა, თბილისის გადაწყვეტილების საპასუხოდ ოსური მხარე სასანქციო სიას უკვე ამზადებს.

გასიევის თქმით, „პარლამენტში“ დაახლოებით 2 წელია შემუშავებულია კანონპროექტი -“სამხრეთ ოსეთის საკუთარი სია“, რომელსაც პირობითად „ქართველების მიერ 1992 წელს მოკლული გრიგორი სანაკოევის სახელი ჰქვია“ და მასში შეიყვანენ საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, „რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ გენოციდში, ყოველ შემთხვევაში 2008 წლის ომის დროს“.

„სამხრეთ ოსეთში უკვე შეეგუვნენ საქართველოს მსგავს ქმედებებს. ქვეყანამ, რომელმაც 2-ჯერ განხორციელდა ოსი ერის გენოციდი, ასეთ სიას იღებს“- აცხადებს გასიევი.

გასიევი ამბობს, რომ „შავ სიას“ მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ და ის ყველა შესაძლო სანქციას გაითვალისწინებს, მათ შორის “შეეცდებიან, რომ ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადონ”.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი კი აცხადებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ტოვებს „მაგნიტსკის სიის“ ასლის შთაბეჭდილებას და მას პასუხს აუცილებლად გასცემენ მისი დეტალურად შესწავლის შემდეგ.

„ეს არის საქართველოს მეგობრების საკმაოდ წარუმატებელი პროექტი, რომლებიც შემუშავებულია იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არ შემცირდეს ანტიოსური და ანტიაფხაზური განწყობები,” – განაცხადა მედოევმა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია პარლამენტში 2018 წლის 21 მარტს მიიღეს. 26 ივნისს კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან ცნობილი გახდა, ამ სიაში 33 ადამიანია შეყვანილი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1991 წლიდან დღემდე ადამიანების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. მთავრობის დადგენილების მიხედვით, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ევალებათ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ამ სიაში შეყვანილ პირებს სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდეთ.