სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის რაიონში საბაჟო პუნქტს ხსნის, რომ თბილისიდან შეტანილ ნებისმიერ პროდუქტზე გადასახადი დააწესოს.
2 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცხინვალის რეჟიმის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ საბაჟო ახალგორში არსებულ „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე იმუშავებს, რისი მიზანიცაა საქართველოდან შესული საქონლის ხარისხისა და მოცულობის გაკონტროლება.
ახალგორის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე მაქსიმუმ 50 კილოგრამი ტვირთის გადატანის უფლება აქვთ. აქამდე ტვირთის ოდენობას ზედაპირული დაკვირვებით განსაზღვრავდნენ, მალე კი ტვირთს „მებაჟე“ შეამოწმებს, აწონის და მისი მფლობელი ბაჟსაც გადაიხდის. გადასახადის ოდენობა ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში თბილისიდან ხილი, ბოსტნეული და მწვანილი ჩააქვთ და იქ უფრო მაღალ ფასში იყიდება. უფრო მეტიც, თბილისიდან ჩატანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იყიდება ვლადიკავკაზშიც. ახალგორში შეტანილი პროდუქტი „ოფიციალურად“ არ იბეგრება, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვისაც სავაჭროდ მიაქვს ტვირთი, „საზღვარზე“ არაოფიციალურად იხდის ფულს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.