ცხინვალის მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც იზოლატორში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ მას კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის.
როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, ჟურნალისტებმა დაკავებული ქალი მოინახულეს და დარწმუნდნენ, რომ დაკავებულს კარგად ექცევიან და ასევე ადვოკატისა და თარჯიმნის მომსახურებაც გაეწია.
„კარგად მექცევიან, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ვუჩივი, თუმცა, სახლში მინდა“, – ამბობს ვიდეომასალაში მაია ოთინაშვილი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოები „რესი“ და „სპუტნიკ ოსეტია“ წერენ, რომ მაია ოთინაშვილი ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ე.წ. საზღვარზე მოქალაქეების საზღაურის ფასად გადაყვანაში დახმარების გამო“. მათი მტკიცებით, ქართული მხარე ამ ინციდენტის გადაფარვას პოლიტიკური სკანდალით ცდილობს და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს, რომ თითქოს ქალი გაიტაცეს და მის უფლებებს არღვევენ.
ქართული მხარის, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 3 ოქტომბერს გვიან საღამოს მოინახულა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მანდატიდან გამომდინარე, ისინი საჯაროდ ვერ ისაუბრებენ დაკავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა მანამდე, 3 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ, ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ქალი ნაცემი იყო.
„საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა წინაგარში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს”, – წერდა ლომჯარია.
სამი არასრულწლოვნის დედა, საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. 3 დღის განმავლობაში გატაცებული ქალის შესახებ ოჯახისთვის არაფერი იყო ცნობილი. 2 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ქართულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ეცნობა, რომ ოთინაშვილს არა ორთვიანი, არამედ 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ხუთშაბათს სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი პატიმრობის ვადად ერთი თვეა დასახელებული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.