ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ატოციდან ანტისაოკუპაციო ჯგუფის, „ძალა ერთობაშიას“ გასვლა მოითხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. ამის შესახებ ოსური დელეგაციის წევრებმა სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე განუცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობას.
„დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა წამოჭრეს ატოცის საკითხი. თითქოს, მათი აქტივობა ხელყოფს უსაფრთხოების გარემოს“, –განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, მოთხოვნის საპასუხოდ მათ დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ანტისაოკუპაციო ჯგუფს ატოცში ყოფნის კონსტიტუციური უფლება აქვს.
„ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და სიტყვის, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ანუ, დეფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს“, – აცხადებს ანთაძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ქარელის სოფელ ატოცთან 24–საათიან რეჟიმში თვეზე მეტია მორიგეობენ. მოძრაობამ ადგილზე მეთვალყურეობის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესის დაწყების შემდეგ მიიღო. ოკუპანტებმა სოფელ ატოცში უკვე 148 ბოძი დაამონტაჟეს.
ცნობისათვის, სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც სულ 11 საკითხი განიხილეს. საუბრის მთავარი თემა კვლავ არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეები იყო. საუბარი ასევე შეეხო უკანონო ბორდერიზაციას და საქართველოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს. შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.