11950216_915543415203402_6825439974420876042_o

ღარიბაშვილმა ჩინელ კოლეგასთასთან ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე იმსჯელა (პრესსამსახური)

ჩინური კომპანია “დონგფანგ ელექტრიკი” ტყიბულში 150 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაკეთდა, რომელიც ამ ქვეყანაში ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად იყო ჩასული.

ღარიბაშვილი “დონგფანგ ელექტრიკის” წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს არა მარტო თბოელექტროსადგურთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ტყიბულში ქვანახშირის ინდუსტრიის განავითარებისა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი.

ჩინური კომპანიის გეგმა ითვალისწინებს ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენებას, რომელიც 150 მგვტ სიმძლავრის იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 1 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.

“დონგფანგ ელექტრიკი” ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც გენერატორებისა და ელექტროსადგურების  წარმოებაზეა ორიენტირებული.

ჩინეთში ვიზიტისას ღარიბაშვილმა გააფორმა მემორანდუმი კომპანიასთან Dalian Locomotive & Rolling Stock Co. Ltd, რომელიც საქართველოში ლოკომოტივის ძრავების,დიზელის გენერატორების, მეტროს ვაგონებისა და ელექტრო-მატარებლების წარმოებას ითვალისწინებს. იგეგმება ამ პროდუქციის ექსპორტი ევროპაში, ასევე თურქეთში, ირანსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგას შეხვდა, სადაც ორ სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის დელეგაცია საქართველოს 15-16 ოქტომბერს ეწვევა.