(Police.ge)

(Police.ge)

ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებისა და  სირიაში საბრძოლველად  საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ბრალდებით კახეთსა და თბილისში 4 ადამიანი დააკავეს.  ერთ-ერთი მათგანი – პანკისის მკვიდრი, 9 შვილის მამა აიუფ (გაიოზ) ბორჩაშვილი – ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც საუბარია კვირა საღამოს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე ჩატარდა.

36 წლის აიუფ ბორჩაშვილი სოფელ გომბორის მახლობლად დააკავეს, სხვები კი თბილისში. შსს მხოლო მათ ინიციალებს ასაჯაროებს. მათი ასაკი 24-დან 18 წლამდე მერყეობს.

მათ ბრალად ედებათ “ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირება, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება.”

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. ის  ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

„დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა, თავისი თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ინტერნეტ-საიტების და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები არასრულწლოვან(ებ)ი, მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად,  ეს პირები 2015 წლის 2 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად გადავიდნენ.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც (ისლამის რადიკალური მიმდინარეობა) ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ,“  – ნათქვამია განცხადებაში.

დანარჩენი სამი პირი კი მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, ასევე,  დააკავეს გიორგი ხ. და დავით ფ..

ისინი აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად აპირებდნენ გადასვლას, ნათქვამია განცხადებაში.

კვირას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ბორჩაშვილთან ერთად  კიდევ რამდენიმე პანკისელი დააკავეს, მათ შორის იყვნენ თარხან ბათირაშვილის ნათესავები,  რომელიც სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” სამხედრო მეთაურია და იბრძვის სახმედრო ფსევდონიმით აბუ ომარ ალ-შიშანი (“შიშანი” არაბულად ნიშნავს “ჩეჩენს”).  დაკითხეს მისი მეგობრებიც.

თუმცა, პანკისში დაკავებულები, ბორჩაშვილის გარდა, უკვე გაათავისუფლეს. ბორჩაშვილს კი ბრალს ხვალ წაუყენებენ.

როგორც მისი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ წარდგენია, თუმცა მას დაკავების დროს განუმარტეს, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირიშია ბრალდებული.

არაოფიციალური მონაცემებით, სირიაში საბრძოლველად 30-ზე მეტი ადამიანია წასული. თუმცა, იმის გამო, რომ საზღვარს ისინი სხვა მიზეზით  კვეთენ და წასვლის რეალური მიზეზი უცნობია, დაზუსტებული ოფიციალური მონაცემები არ არსებობს სირიაში საქართველოდან წასულ მებრძოლთა რაოდენობის შესახებ.

ბოლო პერიოდში პანკისიდან რამდენიმე არასრულწლოვანი და კიდევ რამდენიმე სრულწლოვანი სირიაში საბრძოლველად ჩუმად წავიდა და მათი წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ისინი სირიაში იყვნენ საბრძოლველად წასულები. ამის გამო კი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება სთხოვა, რის გამოც გამკაცრდა კანონმდებლობა და  დაიწყო მონიტორინგის განხორციელება.

დაუზუსტებელი ცნობებით, სულ მცირე, საქართველოს 12 მოქალაქეა დაღუპული სირიის ომში.