ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა.
გახსნილ სს საქმეებს შორისაა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, გარდაცვლილი სულხან მოლაშვილისთვის 2004 წელს ჩამორთმეული წავკისის აგარაკი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს 2 ნოემბერს დაუბრუნდა.
„სულხან მოლაშვილი არ იყო არც უკანასკნელი და არც პირველი, ვისაც ქონება დავუბრუნეთ – ჩვენ 79 მოქალაქეს დავუბრუნეთ ჩამორთმეული ქონება,“ – განაცხადა მთავარი პროკურატურის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.
„უამრავ მოქალაქეს ჩამოართვეს უძრავ მოძრავი ქონება და ეს ადამიანები ჩვენგან ამ ქონების დაბრუნებას ელიან. იმ ქონების, რომელიც დღეს სახელმწიფო ბალანსზეა. დღეს გამოძიება 400-მდე სს საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა ეს არ უკავშირდება 400-ს მოქალაქეს. ზოგიერთ სს საქმეში მრავალი ეპიზოდია. ჩვენ ამ მოქალაქეებს ვპირდებით, რომ ამ საქმეებს სამომავლოდ ნამდვილად აქვს პერსპექტივა და ისინი სამართალს მიაღწევენ. გამოძიებას ვაგრძელებთ და უახლოეს მომავალში მათ ვაპირებთ რეზონანსული საქმეების გახსნას და გამოტანას საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა 26 ოქტომბერს პროკურორმა კახა კაციტაძემ.
შეკითხვაზე, დაისჯებიან თუ არა ის მოხელეები, რომლებიც ამ საქმეების „შეკერვაში“ იღებდნენ მონაწილეობას, კაციტაძის თქმით, პროკურატურის სს პოლიტიკა რიგითი და საშუალო რანგის საჯარო მოხელეების მიმართ არის ლიბერალური. ხოლო რაც შეეხება იმ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, რომელთა დავალებით ხდებოდა ამ დანაშაულების ჩადენა, მათ მიმართ დადგება მკაცრი სს პასუხისმგებლობის საკითხი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.