dinamo

თბილისის “დინამოს” ოთხი გულშემატკივარი დააკავეს (IPN)

თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი კაცია დაკავებული.  DFWatch-ის ინფორმაციით,  ოთხივე დაკავებული თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარია. 

შსს-ში DFWatch-ს ეს ინფორმაცია არც დაუდატურეს და არც უარყვეს. განუცხადეს მხოლოდ ის, რომ  გულშემატკივართა დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პრესამსახურის ცნობით, წვრილმანი ხულიგნობა ითვალისწინებს 100-ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა 250-დან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შსს-ს ცნობით, გულშემატკივრებმა ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენეს, შესაბამისად ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, სტადიონზე სკამებია დამტვრეული.

თუმცა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, იყო ხელჩართული ჩხუბიც, რომელიც მატჩის ბოლო წუთებზე დაიწყო და სტადიონს გარეთაც გაგრძელდა. ფიზიკურის დაპირისპირება დასტურდება გავრცელებული ვიდეოკადრებითაც.

სტადიონზე დაპირისპირების შესახებ კადრები გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ქობულეთის ქუჩაში ჩხუბზე კი „პალიტრა მედიამ“.

გულშემატკივრები ერთმანეთს ქობულეთში, თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაზე დაუპირისპირდნენ.

საფეხბურთო მატჩი თბილისის „დინამოს“ 2:1 ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა.