barricades_view_from_inside

ბარიკადები ქობულეთის ლერმონტოვის ქუჩაზე (DF Watch.)

ქობულეთი, DFWatch –  ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში მუსლიმების მიმართ მტრული დამოკიდებულება მძაფრდება. 2012 წელს მათ სოფელ ნიგვზიანში მეჩეთის აშენებისას დაუპირისპირდნენ; 2013 წელს კი სამთაწყაროს მოსახლეობის ნაწილი მათ პარასკევს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა; ამას მოჰყვა ჭელას სკანდალი, სადაც მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს.

ახლახან საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა კონფლიქტმა მიიპყრო, რომლის ეპიცენტრია ქობულეთი, სადაც ადგილობრივი ქრისტიანული უმრავლესობა მაჰმადიან უმცირესობას რელიგიური სკოლის გახსნის საშუალებას არ აძლევს.

madrassa_old_canteen

სასადილო ძველ მედრესეში (DF Watch.)

საუბარია ქობულეთის ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაზე, რომელსაც თურქი მეპატრონისგან ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის” თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე ქირაობს. 15 სექტემბერს ამ შენობაში მუსლიმური სკოლა, მედრესე, უნდა გახსნილიყო, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალებას არ მისცეს და ამიტომ შენობა ახლა ცარიელია.

დაპირისპირება უკვე ექვსი თვე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მედრესეს გახსნას როგორც სამართლებრივად, ასევე ფიზიკური ძალით უპირისპირდება. მათ სადღეღამისო მორიგეობა აქვთ დაწესებული და შიგადაშიგ ქუჩის ბლოკირებას ახდენენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. დაპირისპირებამ პიკს 10 სექტემბერს მიაღწია, როდესაც ვიღაცამ სიახლოვეს ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა.

პროტესტის მონაწილეები აღიარებენ, რომ შენობასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია სამართლებრივად წესრიგშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებაც გათვალისწინებული უნდა იყოს და ამ ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ უბანში მედრესე არ უნდა ფუნქციონირებდეს. DFWatch-მა გადაწყვიტა ქობულეთში ჩასულიყო და ამ ხანგრძლივი კონფლიქტის დეტალები საკუთარი თვალით ეხილა.

madrassa_new_classroom

საკლასო ოთახი ახალ მედრესეში (DF Watch.)

რას ჰყვებიან მეზობლები

როდესაც ადგილზე ჩავედი, პარასკევის ღრუბლიანი დილა იყო და ლერმონტოვის ქუჩაზე სიმშვიდე სუფევდა. დაპირისპირებაზე მხოლოდ 13 ნომერთან გაჩერებული საპარტულო პოლიციის მანქანა და შენობის წინ სამშენებლო ნარჩენებისგან აღმართული სახელდახელო ბარიკადები მიანიშნებდა.

თუმცა რამდენიმე წამში ადგილობრივების მცირე ჯგუფი მომიახლოვდა. ისინი მგზნებარედ მიყვებოდნენ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ და მათი პოზიციის მოსმენასაც მოითხოვდნენ.

რუსულის მასწავლებელმა ჟუჟუნა კალაძემ, რომელიც მიმდებარე სახლში ცხოვრობს, ლერმონტოვის ქუჩის დრამატული ამბები მომიყვა. თქვა, რომ 13 ნომერში მდებარე სახლი ადრე ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელმაც ის “სტამბულელ თურქს, მუსტაფა ბუიუკს” მიჰყიდა.

მისი თქმით, ახალი მფლობელი ლერმონტოვის ქუჩაზე არავის უნახავს და სახლს მისი წარმომადგენელი, ბ-ნი კაკალაძე განაგებდა. ჟუჟუნა კალაძე მას სიცრუეში ადანაშაულებს, ამბობს, რომ კაკალაძე ადგილობრივებს ჰპირდებოდა, რომ ამ სამსართულიან სახლში მხოლოდ ქართული ოჯახები იცხოვრებდნენ. თუმცა, როდესაც სამმეტრიანი ღობის აღმართვა დააპირეს,  მივხვდით, რომ აქ რაღაც ცუდი ხდებოდაო, ამბობს მეზობელი. საბოლოოდ კი, მისი თქმით, აღმოაჩინეს, რომ აქ მუსლიმური სკოლა-პანსიონის გახსნას აპირებდნენ.

აღშფოთებულმა მეზობლებმა 24-სათიანი მეთვალყურეობა დააწესეს და მედრესეს გახსნის ჩასაშლელად ყველა ზომას მიმართეს – იჩივლეს როგორც სამოქალაქო, ისე რელიგიურ ინსტანციებში.

“აქ არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს, და ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, რომლებიც აქ ვცხოვრობთ, ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით… (მაჰმადიანური) რწმენის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. შეუძლიათ რამდენიც უნდა ილოცონ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე, მაგრამ აქ არა, სადაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ცხოვრობენ,” ამბობს ჟუჟუნა კალაძე.

ნანა ყურშუბაძე, რომელიც იმავე ქუჩაზე, ოღონდ რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობს, იგივე მოსაზრებას იზიარებს. ამბობს, რომ თუ მედრესე მაინც აშენდება, ამან შეიძლება სისხლისღვრა გამოიწვიოს. “მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს, მხოლოდ ჩვენი ბავშვების დაცვა გვინდა,” ამბობს ნანა.

კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ მათ არა მარტო მთელი ქობულეთი უჭერს მხარს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ხალხი შეიძლება ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდანაც კი ჩამოვიდეს.

nana_kurshubadze_tv25

ნანა ყურშუბაძე (TV 25.)

რწმენის დაკარგვის შიშით

და მაინც, რას უფრთხის ეს ხალხი? ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მაჰმადიანური სასულიერო შენობები აჭარაში თურქეთის შემოჭრის წინაპირობას წარმოადგენს. „ეს მათი იდეოლოგიური ომის ნაწილია,“ ამბობს ჟუჟუნა კალაძე.

მეტიც, ის და ქუჩის სხვა მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მედრესე მხოლოდ დასაწყისია და მას მალე მეჩეთის მშენებლობაც მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, სალოცავად მოლას ხმამაღალი მოწოდებებსა და დაუსრულებელ ხმაურს გამოიწვევს.

ამას გარდა, ადგილობრივები შიშობენ, რომ მედრესეს გახსნა მუსლიმი მოსახლეობის ზრდას შეუწყობს ხელს. ზურა, კდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, ამბობს, რომ აჭარაში მედრესეები მოსწავლეებს ღარიბ ქართულ ოჯახებში პოულობენ და მათ თურქეთში უფასო განათლების პერსპექტივით ხიბლავენ. „სწორედ ეს იზიდავს ამ ოჯახებს, ყველა სხომ არა აქვს საშუალება, ბავშვებს განათლება მისცეს. მაგრამ, არც ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი არ გაცვლის რწმენას განათლებაში,“ ამბობს ზურა.

სკოლის ბლოკადა

ბოლო 6 თვის მანძილზე ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები  მუსლიმური სკოლის გახსნის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებდნენ. ჟუჟუნა კალაძე ამბობს, რომ ქობულეთში ერთი მედრესე უკვე არის, ასე რომ, ახალის გახსნის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.

სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ მედრესე თითქმის ცარიელია. „თითქმის“ იმიტომ, რომ, ადგილობირვების ცნობით, იქ „სამიოდე ადამიანი“ მაინც დადის.

„ჩვენ მთელი დღეები ვფხიზლობთ, რათა მათ იქ ბავშვები არ შეიყვანონ. იმიტომ, რომ თუ შევლენ, მერე იქიდან ხომ არ გამოვყრით? ეს არაჰუმანრი იქნებოდა, ამიტომ ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ ბავშვების იქ შეყვანა,“ ამბობს ჟუჟუნა კალაძე.

ამავე დროს ზურა (რომელმაც თავის გვარის გამხელა არ ისურვა) ამბობს, რომ 24-საათიანი მეთვალყურეობა დიდ შრომას მოითხოვს: ადამიანები ხშირად სამსახურსაც აცდენენ, არ სძინავთ და ამ სიტუაციით ძალიან დაღლილები არიან.

house-front_2

სახლი, სადაც ახალი მედრესე უნდა განთავსდეს (DF Watch.)

ალყაშემორტყმული მოსწავლეები

როდესაც საბოლოოდ მედრესეში მოვხვდი, იქ კახა კახაძე დამხვდა, ერთადერთი მოსწავლე, რომელიც აქ 15 სექტემბრის შემდეგ ცხოვრობს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და, ამასთანავე, 8 წელზე მეტია ისლამს სწავლობს. ბოლო 3 წელი ქობულეთის ძველ მედრესეში იღებდა განათლებას და სექტემბრიდან ახალში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

ის მიიჩნევს, რომ მუსლიმების წინააღმდეგ ადგილობრივების ნეგატიური დამოკიდებულება უკავშირდება რწმენას, თითქოს აჭარელი მუსლიმები მთლიანად თურქეთის გავლენის ქვეშ არიან. „ისინი სასულიერო შენობებს თურქეთის მიერ (აჭარის) ოკუპაციისა და ექსპანსიის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. თუმცა, ამავე დროს, უპრობლემოდ სარგებლობენ თურქული მაღაზიებით, რესტორნებითა და სასტუმროებით,“ ამბობს კახა და უმატებს, რომ ისლამი არანაირად არ უშლის ხელს, საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს.

madrassa_old_students

მოსწავლეები ძველ მედრესეში (DF Watch.)

გადაჭედილი ძველი მედრესე

40 მოსწავლისთვის განკუთვნილ სკოლაში ამჟამად სიჩუმეა. ის სრულად აღჭურვილი და მომზადებულია სწავლების ნებისმიერ დროს დასაწყებად, ოღონდ მანამდე სკოლის ალყა უნდა დამთავრდეს.

თუ ეს მედრესე მუშაობას დაიწყებს, მოსწავლეები ყოველდღიურად 1,5 საათს ყურანის სწავლას დაუთმობენ, დარჩენილი დრო კი დაეთმობა ჩვეულებრივი საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამას, როგორც სხვა მედრესეებში ხდება-ხოლმე.

მაშინ, როდესაც ეს მედრესე სტუდენტებისთვის კვლავ მიუწვდომელია, ძველი მედრესე რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს, განკუთვნილზე სამჯერ მეტ მოსწავლეს იღებს. ამ დროისათვის იქ 29 მოსწავლე სწავლობს, არადა ის 10-ის მისაღებად არის გამიზნული; სამზარეულოსა და მცირე საკლასო ოთახებს სასწრაფო რემონტი ესაჭიროება და ახალგაზრდებს სალოცავ ოთახში გაშლილ ლეიბებზე სძინავთ.

მუფტი: ჩვენ არსად არ გადავდივართ

სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ამბობს, რომ ისინი ლერმონტოვის ქუჩიდან გადასვლას არ გეგმავენ. მან აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში სწორედ მუსულიმები არიან დაზარალებულები, და არა პირიქით. “ეს არის კერძო საკუთრება  და მეზობლების გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ თუ არა. მაგალითად, მე ვცხოვრობ უბანში, სადაც 99 პროცენტი არამუსლიმია, მაგრამ არავის შეუძლია იქიდან გადასახლება მომთხოვოს,” ამბობს პაქსაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარება ცდილობს, და მას ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

ამავე დროს, ყველაზე გავლენიანმა ინსტიტუტმა ქვეყანაში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღორის თავთან დაკავშირებული სამარცხვინო ინციდენტი  დაგმო, როგორც ისლამოფობიური აქტი, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

neighbors_watch

ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლების სადღეღამისო მორიგეობა (DF Watch.)

აქტივისტები სამართალს მოითხოვენ

ქობულეთის მუსლიმურ სასწავლებეთან დაკავშირებული ვნებათაღელვის პარალელურად, უფლებადამცველები იმ ადამიანების დასჯას მოითხვენ, რომლებმაც ღორის თავის ინციდენტით მუსლიმების რელიგიური გრძნობები შეურაცხყვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ინციდენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო არჩილ გვიანიძე, ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელიც “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული. ის და მისი თანამზრახველები “წვრილმანი ხულიგნობის” ბრალდებით ამის გამო 100-100 ლარით დაჯარიმდნენ.

ეს გადაწყვეტილება უფლებათადამცველებმა მკაცრად  გააკრიტიკეს. 24 სექტემბერს შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ ღორის თავის მიჭედება მაჰმადიანური სკოლა-პანსიონის კარებზე სიძულვილისა და დევნის უკიდურესად უხეშ დემონსტრირებას წარმოადგენდა. მათი აზრით ამ ინციდენტის “წვრილმან ხულიგანიზმად” კვალიფიცირება არასწორია.

მათი აზრით, ეს ინციდენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის ქვეშ უნდა მოექცეს, რომელიც ეხება დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, პროფესიული, რელიგიური ან მეცნიერული მოღვაწეობის გამო და პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მათ პოლიციაც პასიურობის გამო გააკრიტიკეს.