turbina

(Facebook)

საქართველოში  ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ქარის ენერგიის გამომმუშავებელი პირველი ტურბინა გორში, ტელერადიო ანძის სიახლოვეს, 31 აგვისტოს, ოთხშაბათს უკვე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ა/ო ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გორში მშენებარე ქარის ელექტროსადგური პირველია საქართველოში, რადგან აქამდე ძალიან მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინები იყო, რომლებსაც მოსახლეობა ინდივიდუალურად იყენებს, ანუ ისინი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს (ქსელში არ არის ჩართული).

როგორც DFWatch-ს შ.პ.ს. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა უთხრა, პირველი ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება, დეკემბრიდან კი უკვე ამოქმედდება.

ქარის ელექტროსადგური ჯამში, 6 ქარის ტურბინისაგან შედგება. თითოეული მათგანის სიმძლავრეა 3,45 მეგავატი ანუ ელექტროსადგურ „ქართლის“ დადგმული სიმძლავრე – 20,7 მეგავატია, ხოლო მის  მიერ გამომუშავებული ენერგია წელიწადში 88 მილიონი კვ/სთ-ია.

ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგია  ექსპორტზე  არ გავა და მთლიანად საქართველოს მოხმარდება.

ქარის ელექტროსადგურის პირველი ტურბინის დამონტაჟებას ფეისბუქში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გამოეხმაურა და „პირველი მერცხალი“ უწოდა. „ჩვენი „პირველი მერცხალი ” – ქარი ჩვენი საქართველოს სამსახურში“, – წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

აღნიშნული პროექტი 34 მილიონი დოლარი ჯდება, აქედან 24 მილიონის ინვესტიცია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (EBRD), ხოლო დანარჩენი შ.პ.ს. „ქართლის“ პარტნიორებს – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ეკუთვნის.

პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. კერძოდ, 2013 წლის აგვისტოში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანიამ MEVENTUS  ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მოამზადა. საბოლოო ჯამში, ქარის სიმძლავრის, მიმართულების, სიჩქარის თუ სხვა მსგავსი ფაქტორების გათვალისწინებით ელექტროსადგურის ასაშენებლად გორის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

გორის ქარის ელექტროსადგურისთვის ტურბინები, მსოფლიოში უდიდესი ქარის ტურბინების, დანიური კომპანია Vestas-ის მიერ შემუშავდა. ტურბინა მუშაობაში ერთვება 3 მ/წმ ქარის სიჩქარეზეს და წყვეტს მუშაობას 25 მ/წმ ქარის სიჩქარის პირობებში.

ენერგეტიკის ასოციაციის ცნობით,  იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  მშენებლობა  ხორციელდება,  კვლევები მიმდინარეობს და დამატებით 100 მგვტ-ის განვითარება იგეგმება. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი საჩხერეში 120 მეგავატამდე და ნიგოზაში 40 მეგავატამდე ქარის სადგურების კვლევებსაც ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე უკვე დამონტაჟდებულია ქარის სიჩქარის გასაზომად საჭირო ანძები. კვლევა დაახლოებით, წელიწადნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც განისაზღვრება თუ სად უნდა დამონტაჟდეს ტურბინები.

ამასთან, აღსანიშნავია,  კომპანია Energo Windpower LLC-თან გაფორმებული მემორანდუმი, რომლის თანახმადაც კომპანია ფოთის, ქუთაისის, ჭოროხის, საბუეთის გორის, კასპის, სამგორის, რუსთავის, ფარავანისა და ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე სწავლობს ქარის მონაცემებს და მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზს. კვლევების დასრულების შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ტერიტორიებზე მიზანშეწონილია ქარის სადგურების მშენებლობა, მაშინ, სადგურების მშენებლობის მიზნით კომპანია მოახდენს ინვესტირებას.