ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს, ძირითადად ქართველები, მათ შორის 42 წლის “კანონიერი ქურდი”.
ოპერაცია, რომელსაც ევროპოლმა, ინტერპოლის ერთგვარმა ევროპულმა ანალოგმა, “2015 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა” უწოდა, მადრიდში, ვალენსიასა და სხვა ქალაქებში ჩატარდა.
ესპანეთის პოლიცია ამტკიცებს, რომ ზვიად დარსაძე, ე.წ. “კანონიერი ქურდი”, სათავეში ედგა დიდ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომელიც ძირითადად ბინების ძარცვაში იყო “დახელოვნებული”, თუმცა არც
დოკუმენტების გაყალბებას, იარაღისა და ფულის უკანონი ბრუნვას, ფულის გათეთრებასა და სხვა კრიმინალურ საქმიანობას თაკილობდა.
(“კანონიერი ქურდი” პოსტსაბჭოურ სივრცეში დამნაშავეთა სამყაროს უმაღლეს იერარქიულ რგოლს წარმოადგენს.)
ზვიად დარსაძეს, რომელიც წარმოშობით ქუთაისელია, ესპანელი გამომძიებლების მტკიცებით, თავის დაჯგუფებაში რკინისებური დისციპლინა ჰქონდა დამყარებული. ნაძარცვის ლომის წილი ე.წ. “ობშიაკში” მიდიოდა, რომელიც დამნაშავეთა სამყაროს ერთგვარი საერთო ფონდია, რომელსაც “ქურდები” მართავენ.
ესპანეთის გარდა ეს ჯგუფი დანაშაულებრივ საქმიანობას, როგორც მინიმუმ, კიდევ გერმანიასა და საფრანგეთშიც აწარმოებდა.
ჯგუფი ძირითადად ძვირფასეულობას იპარავდა, რომლის ნაწილსაც, ესპანური მედიის ცნობით, ოქროს ზოდებად ადნობდნენ-ხოლმე.
დაჯგუფება კარგად ორგანიზებულ ნახევრად-ავტონომიურ უჯრედებად იყო დაყოფილი და მისი წევრების რაოდენობა ესპანეთის პოლიციისთვის სრულად ახლაც უცნობია.
დაკავების ოპერაციაში მთელი ესპანეთის მასშტაბით 200-ზე მეტი ოფიცერი მონაწილეობდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ევროპულის სააგენტოს, ევროპოლის გამომძიებლები და გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ზვიად დარსაძე ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირით ქართული მაფიის ბოსებთან, ძმებ ლაშა და კახა შუშანაშვილებთან. უფროსი ძმა, ლაშა, საქართველოსა და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან “ქურდად” მიიჩნევა, კახა კი ესპანეთში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულს კურირებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მთელი ევროპის მასშტაბით არნახული პოლიციური აქცია ჩატარდა – ოპერაცია “იავა”, რომლის შედეგადაც ქართულ-რუსული მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი 69 ადამიანი დაიჭირეს. 24 მათგანი ესპანეთში აიყვანეს, მათ შორი კახა შუშანაშვილი.
ესპანეთის ნაციონალური პოლიციის განცხადებით, დაკავებულების საბანკო ანგარიშები, მანქანები და სხვა ქონება დაყადაღებულია. ოპერაცია გრძელდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.