საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად პარლამენტს (24%) და სასამართლო სისტემას (20%) არ ენდობა, მაშინ როცა ნდობის ყველაზე დიდი ხარისხით, ისევე როგორც ბევრ სხვა ანალოგიურ კვლევაში, კვლავ ეკლესია სარგებლობს (55%).
ეს განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება, კვლევის ავტორების განცხადებით, 2,3%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, რომელ ინსტიტუციას ენდობით სრულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მედიას აქვს (3%).
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი კლანი არსებობს. 87% ფიქრობს, რომ ეს კლანი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.