„სახელმწიფო გადატრიალების გეგმა!“ – ამ სახელწოდებით ინტერნეტსივრცეში სამშაბათს დილით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც თითქოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არჩევნებისას რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, თავად ჩანაწერში მონაწილე ყველა პირი მონტაჟს უწოდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, ამგვარი შეხვედრა არ შემდგარა და ეს მხოლოდ სხვადასხვა დროს მათ მიერ ნათქვამი ფრაზების მონტაჟია. ისინი კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის დესტაბილიზაციის დაგეგმვას, მათ შორის რევოლუციურ სცენარს.
„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“ – წერს ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც თითქოს ჩანაწერში ამბობს, რომ „იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია… აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“ და აქ მოხდება კადაფი“, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმ პერიოდში კიევში იყო და იანუკოვიჩზე საუბრობდა.
მისი თქმით, ეს არის ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სუს-ის მიერ (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გაკეთებული უკანონო ჩანაწერების მონტაჟი და კოლაჟი.
„ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრიბეს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში“, – აღნიშნავს ცისკარიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძენს, რომ არანაირი რევოლუციური სცენარი არ განიხილება, ერთადერთი სცენარი არჩევნებში გამარჯვებაა.
ჩანაწერის კიდევ ერთი ფიგურანტი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ წელს არც სატელეფონო საუბარი ჰქონია სააკაშვილთან და წელს არც ამ შემადგენლობით ყოფილან ერთდროულად გასული საქართველოდან.
„სუს-სს შეუძლია ამოიღოს საზღვრის (გადა)კვეთის საბუთები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა,“ – აცხადებს ბობოხიძე.
„ყველა ხვდება, რომ ეს არის უნიჭო ხელისუფლების მიერ გამოშვებული კადრები”, – ასე ეხმაურება გიგი წერეთელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს. „არ ვიცი, რას ემსახურება. მე ვარ ქუთაისში. ვატარებ წინასაარჩევნო კამპანიას. სუსი, მუსი, პუსი თუ ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად. რა რევოლუციაზეა საუბარი. რა სისულელეა. რას ემსახურება ეს, ან რისი მომტანია. მე რომ ვთქვა ახლა, გვჭირდება რევოლუციური გარდაქმნა ეკონომიკაში, ეს რევოლუციაზე მიუთითებს? დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზები საიდანღაცაა ამოგლეჯილი და გაკეთებული. ამით ჩემს გამარჯვებას ვერ შეაჩერებენ. ასეთი საუბარი მე საერთოდ არ მახსოვს. რადიკალურ პოლიტიკურ ბრძოლაზე დღესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა გვაქვს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა. საერთოდ, ძალიან იშვიათად მაქვს მიხეილ სააკაშვილთან საუბარი. სახელმწიფო გადატრიალებას კი თვითონ ეს ხელისუფლება ამზადებს”, – განაცხადა წერეთელმა.
სამშაბათს დილით Youtube- ზე უდიოჩანაწერი იმავე წყარომ Creative Georgia News-მა ატვირთა, რომელმაც ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარი გაავრცელა რამდენიმე კვირის წინ. ჩანაწერში, რომლის აუთენტურობა დადასტურებული არ არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
უფრო კონკრეტულად, აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, თითქოს მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.
„ბოკერიამ კი კი, ყველაფერი სწორია, რევოლუციური სცენარიო, მაგრამ მერე იძახის, აი, თუ რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხომ უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვისო. ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.
გიგი წერეთელი ჩანაწერში ამბობს, რომ ამოცანაა რევოლუციურ ვითარებაში ხალხის აღტკინების ფონზე ჩაატარონ არჩევნები.
აკაკი ბობოხიძე კი რუსთაველზე კარვების გაშლაზე საუბრობს.
„200 კაცი რუსთაველის კარვებს აავსებს. კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3 თვიანი აქცია რა დაგვიჯდება, 200-კაციანი, კარვებით,“- ჩანაწერის თანახმად ამბობს ბობოხიძე.
აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სუს-მა გამოძება უკვე დაიწყო სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად და 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაიკითხება ჩანაწერში ფიგურანტი ყველა პირი.
„მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.