30 ივნისის ღამით, უამინდობის გამო უკრაინიდან და ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტის ნაცვლად ერევანში ჩაფრინდა. როგორც DFWatch-თბილისის აეროპორტის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, უამინდობის გამო გუშინ მხოლოდ ეს ორი – თელავივისა და კიევის რეისები -განხორციელდა შეფერხებით.
მათივე ცნობით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, დაახლოებით 2-3 საათის დაგვიანებით, ღამის 3-დან 4 საათამდე პერიოდში დაფრინდა.
როგორც აეროპორტში გვითხრეს, თელავივიდან რეისს – ისრაელის ავიახაზები, ხოლო კიევიდან – უკრაინის ავიახაზები ახორციელდება.
DFWatch-ი კიევიდან გამოფრენილ თვითმფრინავში მყოფ ერთ-ერთ მგზავრს, მარიამ მიქაძესაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერევანში დაფრენის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ბოლო წუთებზე მიიღეს. რადგან, მისი თქმით, ჯერ კიდევ გრაფიკით თვითმფრინავის ჩამოფრენამდე დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე, მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც აეროპორტში ხვდებოდნენ, უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.
მისივე ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის გამოფრინდებოდნენ ერევნიდან ან როდის იქნებოდნენ თბილისში – მგზავრებს არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 30 ივნისს, ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა მთლიანად თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები და ეზოები. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები. რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა, თუმცა უამინდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.