lasha

ლაშა ტუღუში (DFtalk)

„მოსალოდნელია დაბომბვა, ანუ  ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არა ერთი ან ორი, არამედ ასეულობით უკანონო ჩანაწერი გამოიყაროს,“ – ამბობს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებაზე საუბრისას გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებისთვის 2013 წელს  შექმნილი კომისიის წევრი იყო.

ტუღუში აღნიშნავს, რომ შსს-მაც და პროკურატურამაც იცის თუ ვინ მონაწილეობდა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული თვალთვალის საქმეებში.  მეტიც, ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჩანაწერებს აკეთებდა, სხვადასხვა უწყებებში დღესაც მუშაობს.

„დიდი ხნის მანძილზე, 2012 წლის ბოლოდან 2014 წლის დასაწყისამდე, შსს-ს ჰქონდა ეს მასალები. მას შემდეგ, რაც ჩვენი კომისიის მიერ 400-მდე  „ჭუჭყიანი მასალა“ განადგურდა, მათ გარდა არსებული  26 000 ფაილი, რომელიც ასევე ადამიანის (არაინტიმური – რედ.) პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხებოდა, 2014 წლის იანვრის ბოლოს პროკურატურას გადაეცა. თუმცა დღემდე ამ 26 000 ფაილის შესახებ გამოძიებას ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მხოლოდ შინაგან საქმეთა ორგანოებს აკონტროლებს. უშიშროების სამსახური კონტროლის გარეშეა დარჩენილი და არავინ აკონტროლებს. არადა, სწორედ უშიშროებაში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სუს-ი)  არის დანაყოფი „ოტო“, რომელიც უკანონო მიყურადებასა და მოსმენას ახორციელებს.

„პარლამენტში ამბობდნენ, რომ  ამ კონტროლს საპარლამენტო კომისია განახორციელებდა. თუმცა ეს არ მომხდარა და კომისია ამ დრომდე არ შექმნილა,“ – განაცხადა ტუღუშმა პარასკევს, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გადმოყრა კიდევ მოხდება, ქვეყანა ამისთვის სამართლებრივად მზად არ არის, რადგან მხოლოდ კანონის გამკაცრება და სასჯელის გაზრდა, თუ დამნაშავე არ დაისაჯა, ვერაფერს შეცვლის.

DF Watch-ის ორგანიზებით პარასკევს, ფრონტლაინ კლუბში, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსი ქალების პირადი ინტიმური ცხოვრების ფარული მიყურადებით გადაღებული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე გენდერულ ასპექტებზე – საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ –  ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარი რედაქტორი,  სოფო ვერძეული, ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი  და კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.