შაბათს მოსკოვში მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, „სუხიშვილების“ საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმაც მიიღო მონაწილეობა.
საუბარია ინგუშური წარმომავლობის რუს ოლიგარქზე, მიხაილ გუცერიევზე, რომლის აქტივებიც, „ფორბსის“ მონაცემებით, 6,2 მილიარდ დოლარს უტოლდება.
მოსკოვში გამოსვლას „სუხიშვილებში“ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური გასტროლი, არამედ პირადი ხასიათის ვიზიტი და რომ რუსეთში გასტროლებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ანსამბლის პროტესტი ისევ ძალაშია.
„გუცერიევი არ ვიცი, მაგრამ თენგიზ სუხიშვილი პატარძლის მამის, ინგუში უჟახოვის კარგი ნაცნობი და ახლობელია. ეს აბსოლუტურად პირადი ხასიათის წასვლა იყო, და რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაცხადებულ პროტესტს არ ცვლის. პირადი ხასიათის ურთიერთობები და მეგობრობა სხვაა. გასტროლებით ოფიციალურად რუსეთში ჩვენ არ გავდივართ,“- აცხადებს DFWatch-თან საუბრისას „სუხიშვილების“ ერთ-ერთი თანამშრომელი, თუმცა ვინაობის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ანსამბლის მენეჯერიც და დირექტორის ახლა საქართველოში არ არიან და ამიტომ ინტერვიუს საკუთარი სახელით ვერ მისცემს.
„სუხიშვილებში” აცხადებენ, რომ ანსამბლი ახლა გასტროლებზეა. ორი დღე იყო დასვენება და იმ პერიოდში ჩავიდა დასის ნაწილი ქორწილში.
„ამჟამად გასტროლი ბელარუსში აქვთ, გუშინ გომელში ჰქონდათ კონცერტი,“ – დასძენს „სუხიშვილების“ წარმომადგენელი.
რამდენი გადაუხადეს ანსამბლს ამ გამოსვლისთვის, ამაზე ცნობები არ ვრცელდება. თანამშრომელი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, საერთოდ აიღო თუ არა ანსამბლმა რაიმე გასამრჯელო.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ქართველების კონცერტი რუსეთში არ ტარდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველად ეს აკრძალვა 2013 წლის მარტში სახელმწიფო ანსამბლმა „ერისიონმა“ დაარღვია, როდესაც ის კრემლის საკონცერტო დარბაზში გამოვიდა.
2013 წელს მოსკოვში კონცერტები გამართა ასევე სახელმწიფო ანსამბლმა „რუსთავმაც“ და ახლაც მას მთელი რუსეთის მასშტაბით აქვს გასტროლები.
ორივე ანსამბლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯინოს.
მათგან განსხვავებნით კი მაშინ „სუხიშვილების“ მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ქართული ნაციონალური ბალეტი 2008 წლიდან იღებს მოწვევებს, მაგრამ ისინი რუსეთში კონცერტის გამართვაზე ყოველთვის უარს ამბობენ.
„ქალბატონი ნინო (სუხიშვილი) და „სუხიშვილების” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ არაა ის სიტუაცია, რომ რუსეთში გასტროლზე წავიდეთ”, – განაცხადა მაშინ ანსამბლის მენეჯერმა ხატია ეკიზაშვილმა.
„შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა რუსეთში წასვლა. 22 კონცერტი გავაუქმე. ფინანსურად ეს, შესაძლოა, დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მე ყოველთვის ინტუიციით ვმოქმედებ. ინტუიციას აქამდე ჩემთვის არასოდეს უღალატია. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია,“- ეს არის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის ნინო სუხიშვილის განცხადება, რომელიც მან 2014 წელს გააკეთა.
მიხაილ გუცერიევის 28 წლის ვაჟის, საიდისა, და 20 წლის ინგუში ხადიჯა უჟახოვას ქორწილს, რომელიც მოსკოვში 26 მარტს გაიმართა, რუსული მედიის ცნობით, დაესწრენ და გამოვიდნენ ელტონ ჯონი, სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, ენრიკე იგლესიასი, ბიონსე და პატრიცია კაასი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.