სოხუმის რეჟიმმა ბინადრობის უფლების ასაღებად “ოფიციალური” გადასახადი დააწესა – 600 რუსული რუბლი (25 ლარი). ეს ბევრად უფრო ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც გალის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტის აღებისას ამჟამად არაოფიციალურად იხდიან.

DFWatch-თან საუბრისას გალელებს ამ თემაზე არაერთხელ უთქვამთ, რომ ბინადრობის უფლების მისაღებად ერთ-ერთ დაბრკოლებად სწორედ მაღალი გადასახადი სახელდებოდა.

„გადასახადს გამგებელი აწესებდა, ხან 1000 რუსულ რუბლს ითხოვდა (41 ლარი), ხანაც 2000-3000 (82-123 ლარი). ახალი წლის დღეეებში საერთოდ ითქვა რომ 5000 რუსული რუბლი (205 ლარი) ექნებოდა თითოეულ მოქალაქეს გადასახდელი. ბევრი ამის გამო იკავებდა თავს უკვე მზა საბუთის მისაღებად“, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გალელები ეჭვობენ, რომ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულო გადაწყვეტილება მათზე არ აისახება, რადგან აფხაზეთში კორუფცია მაღალ დონეზეა, კანონის დაცვას კი თითქმის ვერავის მოსთხოვ.

„ეჭვი მეპარება ეს საკითხი რიგით მოსახლეობას შეგვეხოს, რადგან, მაგალითად, ე.წ. ფორმა 9-ს გამგებელი ხასიათის, პირადი ინტერესის და თანხის ოდენობის მიხედვით გასცემს. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ასე იქნება და რასაც გამგებელი მოითხოვს, იმის გადახდა მოგვიწევს, რადგან ბინადრობის უფლების მისაღებად საჭირო ცნობას სწორედ გამგებელი გასცემს. თანხას ცნობის აღებაშიც ითხოვს და მერეც“, – აცხადებს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი.

ადგილობრივებმა DFWatch-ს მიმართეს თხოვნით, აღნიშნული თემა რუსულ ენაზეც განთავსდეს საიტზე, რათა ინფორმაცია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებამდე მივიდეს.

„კარგი იქნება, ამ ამბავს რუსულად თუ თარგმნით. იქნებ მაღლა გაიგონ და გამგებლებს ცოტა მკაცრად დაელაპარაკონ. რიგითი მოსახლეობა ამ მხრივ უძლურია, რადგან ჩვენ აქ სრულიად უუფლებონი ვართ,“ – გვითხრა ადგილობრივმა მამაკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბინადრობის უფლებას (ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვოს”) აფხაზური მხარე გალში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქართველებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გასცემს. აღნიშნული საბუთი, ქართველებს მხოლოდ „საზღვრის“ უპრობლემოდ გადაკვეთის უფლებას აძლევს, მათ არ აქვთ ამ საბუთით არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და საკუთრების შეძენის უფლება. აღსანიშნავია, რომ ქართველებს გადაადგილებისთვის ამ ეტაპზე გალში მხოლოდ ბინადრობის უფლება და ე.წ. ფორმა 9 -ის აღება შეუძლიათ, ისიც გარკვეული კრიტერიუმებით. კერძოდ, მისი მიღების უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიბადნენ და ბოლო ათი წელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობნენ.

ცნობისთვის, საბუთის გაცემა შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც უკვე სამი თვეა ქართველი მოსახლეობის ნაწილი, ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს და გალის ტერიტორიაზეა გამოკეტილი.