აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ პარასკევს არ დააკმაყოფილა „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ალხაზ კვიცინიას სარჩელი, რომელიც მეორე ტურის შედეგების გაუქმებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ კვიცინიას მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, უკვე ნათელი ხდება, რაულ ხაჯიმბამ არჩევნები მოიგო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მან ხმების 47,39% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ კი სულ რაღაც 1,22%–ით ნაკლები.
მთელი დღის განმავლობაში სოხუმის სხვადასხვა ადგილებში კვიცინიას და ხაჯიმბას მომხრეები იყვნენ შეკრებილნი.
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ხაჯიმბა მომხრეებთან გამოვიდა და იმედების გამართლებას დაჰპირდა.
„ახლა ჩვენ თქვენი ნდობა უნდა გავამართლოთ, გადავჭრათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები,“ – თქვა ხაჯიმბამ.
კვიცინიას რამდენიმე ასეულ მომხრეს კი აშკარა იმედგაცრუება ეტყობოდა. მათმა აქციამ მშვიდად ჩაიარა. გამომსვლელებმა თქვეს, რომ მალე დიდ სახალხო შეკრებას მოაწყობენ, სადაც მომხრეებს მომავლის გეგმებს გააცნობენ.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ რაულ ხაჯიმბამ არჩევნები გაყალბებით, დაშინებითა და ხმების მოსყიდვით მოიგო.
როგორც DFWatch–ს საქართველოს მთავრობის თანამშრომელმა უთხრა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე მუშაობს, ხაჯიმბას გამარჯვებამ აფხაზურ საზოგადოებაში არსებული უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა, განსაკუთრებით ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის კუთხით.
მთავრობის თანამშრომელმა ანონიმობის პირობით გვითხრა, რომ ხაჯიმბამ ძირითადად არააფხაზური მოსახლეობის, ძირითადად – ეთნიკური სომხების, მხარდაჭერით გაიმარჯვა, მაშინ როცა აფხაზების უმრავლესობა კვიცინიას უჭერდა მხარს. შესაბამისად, არჩევნებმა ამან ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
რაც შეეხება ქართველებს, მათ დიდ უმრავლესობას „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება წართმეული აქვთ. გალიდან ეს უფლება მხოლოდ დაახლოებით 900–მა ქართველმა მიიღო, რომლებსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ პასპორტები დაურიგა.
აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, პასპორტები მიზანმიმართულად მხოლოდ იმ ქართველებს დაურიგეს, რომლებიც ხაჯიმბას უჭერენ მხარს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.