სოხუმის რეჟიმი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ლიდერის მოწამვლის ფაქტს და ირწმუნება, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება ჩვეულებრივ კვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება.
როგორც დე ფაქტო გენპროკურორის მოადგილე ეპშსოუ კაკალიამ “პარლამენტში” გამოსვლისას განაცხადა, ასეთი დასკვნის საფუძველს მოსკოველი ექიმების გამოკითხვა იძლევა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბჟანიას მკურნალობაში.
კაკალიამ ასევე უარყო გერმანიის მიუნხენის ლაბორატორიის დასკვნა, რომელმაც ბჟანიას სისხლში ტყვიისა და კადმიუმის მაღალი შემცველობა დაადგინა. თქვა, რომ მოსკოვში ჩატარებულმა ანალიზმა მსგავსი არაფერი აღმოაჩინა.
ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერის პირადი მცველები საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, თუმცა აღიარებს, რომ თავად ბჟანიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ბჟანიასა და მისი მცველების მდგომარეობა მკვეთრად 18 აპრილს გაუარესდა. მაშინვე გავრცელდა მოწამვლის ვერსია, რასაც დე ფაქტო რეჟიმი თავიდან იგნორირებას უკეთებდა, თუმცა მაისში, ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო.
20 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნები ივლისში დანიშნა, რამაც ოპოზიციის მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც მათი კანდიდატის ავადმყოფობის გამო არჩევნების გადატანას ითხოვდა.
რეჟიმი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და მალე კომპრომისული ვარიანტი გამოინახა – არჩევნები აგვისტოს ბოლოს დაინიშნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.