გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან.
„ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა წიგნების კითხვა აუცილებელია, მაგრამ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ამიტომ არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ წიგნებით და თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტშიც. იმისთვის რომ გახდეთ პროფესიონალები, აუცილებელია თვითგანვითარება“, – აღნიშნა ნადარაიამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტუდენტების საბუთებზეც და აღნიშნა, რომ უმეტესობა მათგანი დაბადების მოწმობის საფუძველზეა ჩარიცხული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააკეთონ განაცხადი ბინადრობის უფლებაზე.
„აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს სრულწლოვან პირს, რომელიც არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ასევე თუ რომელიმე მშობელი ფლობს მოქალაქეობას. სხვა შემთხვევაში, მათზე ბინადრობის უფლება გაიცემა. 5 წლის შემდეგ კი საშუალება ექნებათ მიიღონ მოქალაქეობაც. ბინადრობის უფლება ყველაფრის უფლებას აძლევს აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა, საკუთრების შეძენისა და ძალოვან უწყებებში მუშაობისა. სხვა მხრივ ყველა სოციალური სარგებლის მიღება შეუძლიათ, პენსიის ჩათვლით“, – განმარტა მან.
ნადარაიამ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ დაინიშნა ავტობუსი გალი-სოხუმის მიმართულებით, რომელიც კვირაში ორჯერ იმუშავებს.
„ავტობუსი ივლის პარასკევსა და კვირას. ღირებულება შეადგენს 150 რუბლს (6,7 ლარი). გარდა ამისა უნივერსიტეტთან ფუნქციონიტებს კომფორტული საერთო საცხოვრებელი, რომელიც სულ რაღაც 1500 რუბლი (67 ლარი) ღირს. განსაკუთრებულად წარჩინებული სტუდენტები კი მიიღებენ სტიპენდიას 5000 რუბლის (224 ლარი) ოდენობით“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საჭიროა „საქართველოში სასწავლებლად მიმავალი სტუდენტების რაოდენობის შემცირება“, რადგან მათ იქ „რევანშისტებად“ ამზადებენ. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ შარშან 20-მდე გალელი სტუდენტი სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში, წელს მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, დე ფაქტო რეჟიმმა გალის სკოლების კურსდამთავრებულებს, ენგურის ხიდი, სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყების წინ ჩაუკეტა, რის გამოც რამდენიმე მათგანმა გამოსვლაზე გასვლა ვერ მოახერხა, ნაწილმა კი გამოცდაზე დააგვიანა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ყველა, ვინც გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა, სტუდენტი გახდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.