სოხუმში, თავისუფლების მოედანზე საახალწლო ნაძვის ხიდან სათამაშოები და განათებები მოიპარეს, მიმდებარე ტერიტორიიდან კი პროჟექტორები. აფხაზურ მედიაში იწერება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და სოხუმის ადმინისტრაციას საახალწლო დღესასწაულებზე ყოველწლიურად არც თუ მცირე ზარალს განიცდის დეკორაციების ქურდობისა და დაზიანების გამო. უფრო მეტიც, გასულ წელს „რესპუბლიკის“ მთავარ ნაძვის ხეს ამის გამო დაცვაც კი დაუყენეს – აფხაზურმა მილიციამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სადღეღამისო მორიგეობა დააწესა.
ნაძვის ხის გაქურდვის ერთგვარი ტრადიცია გაგრძელდა წელსაც. სოხუმის მთავარ მოედანზე ნაძვის ხე სულ რამდენიმე დღის წინ დადგეს და უკვე დეკორაციებისა და განათებების ნაწილი მოპარულია, ნაწილი კი დაზიანებული. ასევე მოპარულია მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებული პროჟექტორებიც.
ამის გამო სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაცია იძულებული გახდა განცხადება გაევრცელებინა.
„ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებას. უკვე დაფიქსირდა ნაძვის ხის მორთულობის მოპარვისა და დაზიანების ფაქტები. ასევე მოიპარეს გასანათებელი პროჟექტორები. მოგიწოდებთ მშობლებს, ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს და არ მისცეთ მორთულების დაზიანების საშუალება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფოტოზონებს და მოარიდეთ ბავშვები ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყვანილ ელექტომავთულებს. სოხუმი ჩვენი ყველას ქალაქია და საახალწლო მორთულობები გაკეთებულია იმისთვის, რომ ყველა გაახაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შარშანდელის მსგავსად დააყენებენ თუ არა ნაძვის ხის დასაცავად მილიციას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.