სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვას განიხილავს. ფორმალურად, ამის ინიციატორი არის “მოქალაქეთა ჯგუფი”, რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში საჩივარი შეიტანა.
მოსარჩელეების აღშფოთება იმ საქმემ გამოიწვია, სადაც ეთნიკურმა ქართველმა მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ეთნიკურად აფხაზ ომის ვეტერანს მოუგო. ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართველმა სამართალმემკვიდრემ ამ დავაში „საქართველოში შექმნილი“ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტაციით გაიმარჯვა. ამასთან ერთად, მათი განცხადებით, ამ ქართველის ნათესავი აფხაზეთის ომში ქართველების მხარეს იბრძოდა.
შესაბამისად, მოსარჩელეები კანონში ცვლილების შეტანას მოითხოვენ, რათა მემკვიდრეობის მიღების უფლება არა მარტო აფხაზეთში მებრძოლ ქართველებს, არამედ მათ ნათესავებს და ზოგადად ყველა იმ პირს შეეზღუდოს, ვინც ქართველებს ეხმარებოდა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ეს ნორმა მიიღეს, ქართველებს პრაქტიკულად წართმეული ქონების დაბრუნების სამართლებირივი გზა წაერთმევათ.
ცნობისთვის, აღნიშნული შესწორებები „საკანონმდებლო ორგანოში“ პირველი მოსმენით უკვე განიხილეს, საკითხზე კი მუშაობა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მემკვიდრეობას აფხაზეთში დე ფაქტოდ ე.წ. აფხაზეთის სამოქალაქო კოდექსის მეხუთე ნაწილი არეგულირებს, სადაც მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის სხვადასხვა მიზეზებს შორის არის პარაგრაფი, რომლის თანახმადაც იმ პირს, რომელიც იბრძოდა “აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, აფხაზეთში რაიმე სახის უძრავი ქონების საკუთრების უფლება ერთმევა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.