„მამაჩემიც წაიყვანეთ, მოიწყენს უსაქმურად აქ“, “დარჩა სოფელში ვინმე?“ „ვინც დავრჩით, ისინიც არ ვიქნებით მალე“, „ახლა სახლში კაციც მე ვარ და ქალიც“, „პოლონეთში პატარა გალია“, – ამ სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უკვე ხშირად მოჰკრავთ თვალს პოლონეთში გამგზავრებული გალელების ფოტოებზე.
DFWatch ადრე იუწყებოდა, რომ გალის რაიონიდან ახალგაზრდები სამუშაოდ საზღვარგარეთ მასობრივად მიდიან, თუმცა ახლა უკვე გალს ხანდაზმულებიც ტოვებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ ძნელად თუ ვინმეს წარმოედგინა კონფლიქტის ზონაში ოჯახების დატოვება, დღეს კი ეს ჩვეულებრივი რეალობაა.
„ოკუპირებულ რეგიონში იმდენად ხშირი იყო ყაჩაღობები და ძალადობის ფაქტები, ოჯახში ქალების და ბავშვების მარტო დატოვებას ვერავინ იფიქრებდა. დღეს კი ოჯახების უმეტესობა კაცების გარეშეა დარჩენილი. ჯერ ახალგაზრდები წავიდნენ, მაგრამ ოჯახის ხარჯებს ვერ გაწვდნენ, ახლა კი ოჯახის უფროსებიც მიდიან საზღვარგარეთ, ძირითადად პოლონეთში,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ერთ-ერთი ოჯახის უფროსი, რომელიც პოლონეთში 30 წლის შვილს გაჰყვა, აცხადებს, რომ გაჭირვების და უფულობის პრობლემას ერთი პლიუსი აქვს, ყაჩაღობამ საგრძნობლად იკლო.
„ადრე ხალხს ფულის გამო იტაცებდნენ, სახლებში გვივარდებოდნენ, ხალხს აუთოვებდნენ. ვერასდროს ვიფიქრებდი, ცოლს, ახალგაზრდა რძალს და ორ მცირეწლოვან ბავშვს თუ სახლში მარტო დავტოვებდით. დღეს წასაღები არაფერია. ძირითადად, თხილიდან მიღებული შემოსავალი იყო ყაჩაღობის მიზეზი, ხალხი ან რამე ნივთს ყიდულობდა, ან ფულს ინახავდა. ახლა არც ფულია და არც ფულით ნაყიდი ნივთი, შესაბამისად, დასაყაჩაღებელიც არაფერი დარჩა. გავრისკე და შვილთან წავედი, რომ ცოტა მეტი შემოსავალი მივაწოდოთ ოჯახს. იქ ჩვენი სამუშაო არაფერი დარჩა, მიწას ვამუშავებდით და მოსავალს ეგეც არ იძლება, სხვა სად უნდა ვიმუშაოთ“, – უთხრა სკაიპით საუბრისას DFWatch-ს რ.ტ.-მ.
ახლა გალში და მიმდებარე სოფლებში ბევეი ოჯახი კაცების გარეშეა დარჩენილი.
„ქალები ხშირად ხუმრობენ, ახლა კაციც ჩვენ ვართ და ქალიცო. ხუმრობენ, მაგრამ რეალობა მართლაც ესაა. სოფლები იცლება, ოჯახების უმეტესობაში მხოლოდ ქალები დარჩნენ. რისკია, მაგრამ სხვა გზა არაა. ახლოს რომ მუშაობ, შედარებით შეღავათია, მაგრამ ასე შორიდან რამე რომ გაუჭირდეთ, ვერც დავეხმარებით. ერთ უბანში, ორი-სამი კაცი რომაა შემორჩენილი, ისევ იმათ იმედზე ვართ შორიდან“, – აღნიშნავს ბ.გ.
შეგახსენებთ, რომ DFWatch ახალგაზრდების გადინებაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ წერდა. მაშინ ერთი თვის მანძილზე, მხოლოდ ერთი სოფლიდან 50-მდე ახალგაზრდა გაემგზავრა პოლონეთში, დღეს კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
საზღვარგარეთ წასვლის მიზეზად კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის არარსებობა და სამუშაო ადგილების სიმცირე დასახელდა.
„ბინა იმდენი ხანი არ მოგვცეს, ვერ მოვახერხე ქირის გადახდა. მშენებლობაზე აღებული თანხა ორი შვილის პირობებში ძალიან ცოტა აღმოჩნდა. დავბრუნდი გალში, თუმცა აქ რისი იმედიც მქონდა, ისიც არ დამხვდა. მოსავალი განადგურებულია. სხვა სახის დასაქმება ახალგაზრდებისთვის აქ არ არსებობს. დასაქმების ადგილი მარტო სკოლა და საავადმყოფოა და მე არცერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებ. მშობლებთან დავტოვე ცოლ-შვილი და წამოვედი. არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებ. უფროსი შვილი ფოტოზე მცნობს, უმცროსმა საერთოდ არ იცის, ვინ ვარ“, – გვითხრა თავის დროზე ლ.გ.-მ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.