აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შესაძლოა ან საყვედური გამოუცხადონ ან თანამდებობა დაატოვებინონ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ის „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაუშვან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ 2 ივლისს “ნეტგაზეთთან” ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების არსებობაზე გაკეთებული განცხადების გამო სასწრაფოდ გამოიძახა. ელჩი თბილისში 6 ივლისს გამთენიისას ჩამოფრინდა, თუმცა ამ საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. მისი გათავისუფლების ალბათობაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 6 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტისას თბილისში ჩამოსული ელჩი არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
ჟურნალისტებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანს შეხვედრებზე ელჩის დაუსწრებლობის მიზეზზე ოთხშაბათსვე ჰკითხეს, თუმცა მან შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ გეგეშიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ ელჩთან თანამდებობიდან წასვლის შესახებ იქნება საუბარი.
„ჩვენც გვაინტერესებს, რამდენად შეესაბამება რეალობას ის განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა,“ – განაცხადა ზალკალიანმა.
„არჩილ გეგეშიძესთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ,“ – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეკითხვას, შეიძლება თუ არა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს.
მისი თქმით, ჯერ ახსნა-განმარტებებს მოისმენენ და და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. მან არ დააკონკრეტა, მოისმინეს თუ არა გეგეშიძისგან განმარტებები.
ცნობისათვის, 2 ივლისს აშშ-ში საქართველოს ელჩმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე – უნდა არსებობდნენ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში? – უპასუხა, რომ მათი არსებობა მისთვის გასაგებია და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხისადმი საქართველოში პლურალისტური მიდგომა არსებობს.
„არიან, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ,“- დასძინა გეგეშიძემ.
ელჩის ამ განცხადებას 5 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა, რაც, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა.“
გეგეშიძის თბილისში გამოძახების შემდგ კი თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ არც ერთი ელჩი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს და განსაკუთრებით, საქართველოს ელჩი აშშ-ში.
კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა გეგეშიძე დაკავებულ თანამდებობაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ელჩის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე იქნება დამოკიდებული.
„იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ის ამას განმარტავს”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.