სირიის მთავრობამ “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის, დე ფაქტო აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზეა გამოქვეყნებული. უწყებების განცხადებით, აღიარება დიპლომატიური ურთიერთობების, საელჩოების დონეზე დამყარდება და გადაწყვეტილება დღეიდან, 29 მაისიდან შედის ძალაში.
სირიის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საპასუხოდ თბილისი დამასკოსთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს.
საგანგებო ბრიფინგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა. დავით დონდუას განცხადებით, 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.
„აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. აღნიშნულით, უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით,“ – განაცხადა დონდუამ.
დამასკოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სეპარატისტული რეჟიმების ე.წ. საგარეო უწყებებმა გაავრცელეს. შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა სირიამაც.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობები საელჩოების გახსნის დონეზე დამყარდება“, – ნათქვამია სირიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ოფიციალური დამასკოს გადაწყვეტილებას წერილობით გამოეხმაურა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მმართველი რაულ ხაჯიმბა.
“ჩვენ ვაფასებთ სირიის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია ხაჯიმბას ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.
„სირიის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებას”, – განაცხადა ბიბილოვმა.
საგულისხმოა ის, რომ ამ „აღიარებამდე“ ერთი დღით ადრე ბიბილოვმა ინტერვიუ მისცა რუსულ ინტერნეტ გამოცემა ტასს-ს, სადაც განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარებას კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებდა.
“სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ხუთ წელიწადში ერთხელ გვაღიარებს თითო ქვეყანა, მაგრამ თანდათან ჩვენი დამოუკიდებლობის სრულ აღიარებას მივიღებთ. წლის ბოლომდე ველოდებით, რომ მინიმუმ ერთი ქვეყნისგან მივიღებთ ოფიციალურ აღიარებას“, – განაცხადა ბიბილოვმა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარებული აქვს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.