„საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული, “-ვიზალიბერალიზაციის გადადებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება.
მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი საკითხი დადგება ისევ დღის წესრიგში. ვფიქრობთ, ეს მოხდება მიმდინარე თვის ბოლომდე,“- ამბობს გიგიაძე და დასძენს: „იმედი გვაქვს რომ როგორც კი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ე.წ. შეჩერების მექანიზმთან მიმართებაში, დაუყოვნებლივ მოხდება საქართველოს საკითხის განვითარება“.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება ცალკე, ყველანაირი მიბმის გარეშე მარტივად იყო შესაძლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო მოლოდინი იყო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია ზაფხულში, კონკრეტულად კი 15 ივნისისთვის დასრულდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და ივლისში გაცხადდა, რომ საქართველოს საკითხის ევოპარლამენტში განხილვა სექტემბრისთვის, ზაფხულის შვებულების დასრულებისთვის მოხდებოდა, თუმცა განხილვა ამჯერადაც ფერხდება.
ევროპარლამენტში განხილვისას უვიზო მიმოსვლის ზაფხულში ამოქმედების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი წავიდნენ. გერმანიის პრესამ დაწერა, რომ ბერლინის უარის მიზეზი ამ ქვეყანაში ქართველი არალეგალების უკიდურესად მოხშირებული კრიმინალი იყო. ოფიციალურ კი მიზეზად მიგრანტთა კრიზისის გამო ევროკავშირის სიფრთხილე დასახელდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებამდე უნდა მიიღოს ახალი რეგულაცია – ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი. ეს მექანიზმი ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში თუ მესამე ქვეყანამ პირობები დაარღვია და უკვე გაცხადებულია, რომ შეჩერების რეგულაციის მიღებამდე უვიზო მიმოსვლა არ დაწესდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.