ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან ხშირად ჩამოდიან. 2017 წელს ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, წლის განმავლობაში 417 ოს პაციენტს გაეწია უფასო მომსახურება, თუმცა თბილისში ამ „მცირე შემცირებას“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვას უკავშირებენ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაფხულში „ოს მოქალაქეებს“ მოუწოდა თბილისში არ წასულიყვნენ, რადგან მისი მტკიცებით, „ოსებს ამცირებენ“ და „სპეცსამსახურები აიძულებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ“. თბილისში ამ ბრალდებას უარყოფენ.
თბილისში არსებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ ცხინვალში ცდილობენ, ნაკლები პაციენტი გამოუშვან თბილისში. მუშაობს ანტიკამპანიაც, თუმცა ამის მიუხედავად, ოსები მაინც ცდილობენ ლარსის გზით თბილისში ჩამოსვლას.
ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველას, ვინც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ცხოვრობს და ქართული პასპორტის ნაცვლად ოსური ან აფხაზური ე.წ. მოქალაქეობა აქვთ, 15 000 ლარის ფარგლებში უფასო მკურნალობენ.
ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. „ოსური პასპორტის“ მქონე პაციენტების რაოდენობა 2017 წელს წინა 3 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა თბილისის სხვადასხვა კლინიკებმა უფასო მკურნალობა, მათ შორის ქირურგიული ოპერაცია 417 ოს პაციენტს ჩაუტარდა.
სტატისტიკა ასეთია:
2017 წელს იყო 417 პაციენტი.
2016 წელს – 915 პაციენტი, აქედან 95 ბავშვი;
2015 წელს – 619 პაციენტი, აქედან 62 ბავშვი;
2014 წელს – 515 პაციენტი, აქედან 67 ბავშვი;
2013 წელს – 320 პაციენტი, აქედან 64 ბავშვი.
თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონიდან პაციენტები, ძირითადად, წითელ ჯვარს მოჰყავს ლარსის გამშვები პუნქტიდან. გარდა ამისა, პაციენტები მოდიან თვითდინებითაც, მაგრამ გაცილებით ნაკლები.
მისი თქმით, რაც არ უნდა შეზღუდოს ცხინვალის რეჟიმმა თბილისში ოსების სამკურნალოდ ჩამოსვლა, ამას ბოლომდე ვერ აკრძალავენ, რადგან პაციენტებს სხვა გამოსავალი არa აქვთ.
„სამედიცინო მომსახურების დონე ჩვენთან მაღალია – ექიმების კვალიფიკაცია მაღალია, აპარატურა და მედიკამენტები, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთა შედარებითნ ხარისხიანი. თან, მათთვის თბილისში მკურნალობა ხელმისაწვდომია, სახელმწიფო აფინანსებს 15 ათასი ლარის ფარგლებში 100%-ით,“- ამბობს ბესტაევი.
30 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოსურ მედიასთან ინტერვიუში ქართულ კლინიკებში ოსი პაციენტების რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ საუბრობდა.
„იქიდან დაბრუნებული ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ამბობს, რომ მათთან ქართული სპეცსამსახურები საუბრობენ, მეტი მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეობას სთავაზობენ. ვინც, მაგალითად, შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ყველაფერზე წავა და ვერავინ გაკიცხავს. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ იქ წასვლა არ მოუწიოთ და ასეთი დამცირება არ იგრძნონ, რასაც იქ განიცდიან ზოგიერთები”, – განაცხადა ბიბილოვმა და იქვე თქვა, რომ რუსეთის უნივერსიტეტებში ოსი სამედიცინო პერსონალის გადამზადებას აპირებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.