პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთშაბათს თბილისში სამი – 22, 26 და 42 წლის – კაცი დააკავა, რომლებიც „აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და იქ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ“.
გამოძიების თანახმად, მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ „კანონიერ ქურდთან“ და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. მათთან ერთად, სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ მეწარმეებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ბრალდებულთა დაკავების ამსახველი ვიდეო-მასალაც ახლავს, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე სს კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
223-ე მუხლი ასევე გულისხმობს ე.წ. კანონიერი ქურდობას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით სისტემაში 223-ე პრიმა მუხლით (კანონიერი ქურდობა ან ქურდული სამყაროს წევრობა) ჯამში 73 პატიმარია, აქედან 66-ი მსჯავრდებული, 7 კი ჯერ ბრალდებულია. გარდა ამისა, ამ 73-დან 48-ს სხვა დანაშაულშიც ედება ბრალი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.