თბილისის საქალაქო სასამართლოს გაყინული ემბრიონის თაობაზე დავა მომჩივანი ცოლის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა, ქალს სუროგაციის უფლება მიენიჭა.
საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ცოლს ენიჭება სუროგატი დედისა და სამედიცინო დაწესებულების შერჩევის, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების დადების უფლება მეუღლის ნებართვის გარეშე.
სასამართლო მომჩივანისა და მოპასუხის ვინაობას არ ასაჯაროებს.
“მოსარჩელე ლ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სადავო ემბრიონი წარმოადგენს მის ერთადერთ შანსს გახდეს დედა და იყოლიოს გენეტიკური შვილი. ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები და აღიარა მისი უფლება გაყინულ ემბრიონზე,” – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განცხადების მიხედვით, წყვილი 2010 წელს დაქორწინდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მათ გადაწყვიტეს, ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის მიემართათ და შვილი სუროგატი დედის დახმარებით ჰყოლოდათ. ორივე მშობლის ბიოლოგიური მასალით შეიქმნა ერთი საერთო ემბრიონი, რომელიც სუროგატი დედის ორსულობისათვის მოსამზადებელი პერიოდის გავლამდე გაყინეს.
ქმარი თავდაპირველად თანახმა იყო, თუმცა მოგვიანებით წყვილს უთანხმოება მოუვიდა და ის სუროგაციის წინააღმდეგ წავიდა.
“სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა დავა 2 იდენტურ უფლებას შორის – გახდე ან არ გახდე მშობელი… სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი ჩასახვის პირობებშიც, შესაძლოა ამ უფლებათა კოლიზიის საკითხი დადგეს, რა დროსაც კანონმდებლობა ემბრიონის ბედს დედის დისკრეციის სფეროში აქცევს. შესაბამისად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მამაკაცის პირადი ცხოვრების ასპექტი ქალისა თუ ემბრიონის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით გარკვეულწილად იზღუდება,” – წერია სასამართლოს განცხადებაში.
ახლა ქმარს აქვს უფლება, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში გაასაჩივროს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.