ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობა საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტი ცვლილებას აპრილში მიიღებს.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შსს-ის მიერ არის მომზადებული. ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს:
- მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა შემოდის, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერებას ემსახურება.
კერძოდ, მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა, რომელსაც თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად შესაბამისი ქულები აკლდება. წლის განმავლობაში ქულების განულება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს, რომლის დასაბრუნებლადაც პირს მართვის მოწმობაზე გამოცდის ხელახლა ჩაბარება 2 თვის შემდეგ შეეძლება. აღსანიშნავია, რომ მძღოლებს მომდევნო წლის პირველ იანვარს ქულები 100-მდე შეევსება.
ამასთან, ქულათა შემცირების წესი არ გავრცელდება ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში. ეს პრინციპი ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გაცემულ მართვის მოწმობაზე.
- მანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, მართვის უფლების შეჩერების სანაცვლოდ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა პირს სამართალდარღვევის ჩადენიდან 3 თვის შემდეგ შეეძლება.
დღეს მოქმედი ნორმით კი ჯარიმა მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს.
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე ჯარიმა 10-დან 30 ლარამდე იზრდება.
- გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა.
- სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით, ანუ უკანტაქტო პატრულირების საშუალებით. კერძოდ, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. ასეთ შემთხვევებში პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და მას სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.
შსს-ს სტატისტიკით, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდებობა 2015 წელთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი. ამავე დროს, დაღუპულთა რიცხვი შემცირებულია 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქს, 2016 წელს მომხდარი რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, დაიღუპა 98, ხოლო დაშავდა 4 173 ადამიანი.
ავარიების ძირითად მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.