ავტონაწილების მაღაზია რუხში, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. (DFWatch.)

რუხის სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს, აცხადებს DFWatch-თან საუბრისას მისი დირექტორი დავით მაჭავარიანი.

“რა თქმა უნდა, იდეამ გაამართლა. ადამიანებს უფრო მეტად აქვთ საშუალება, საცხოვრებელიდან ახლოს მიიღონ ეს მომსახურება. როგორც კონფლიქტის ზონიდან, ისე ზუგდიდიდანაც არის მომართვიანობა,” ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ ცენტრი 2016 წლის გაზაფხულზე გახსნა და მისი მშენებლობა 14 მილიონ ლარამდე დაჯდა.

“ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას და ასევე რეგიონსაც,” გვითხრა მაჭავარიანმა.

რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს საქართველოს ფოსტა, ბანკები, საზოგადოებრივი ცენტრი, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, როგორიცაა “ბელუქსი”, “გორგია” და სხვა. აქვე იყიდება სამშენებლო მასალები და ავტონაწილები. მუშაობს ავტოსერვისიც, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია „საზღვარსმიღმა“ მოსახლეობაში.

“მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამას გარკვეულწილად ხელს უშლის ის შეზღუდვები, რომლებიც ე.წ. საზღვარზეა დაწესებული. მიმოსვლის დისკომფორტი არსებობს, შესაბამისად, რა მოცემულობაც გვაქვს, მოთხოვნაც იმის ადეკვატურია. თავისუფალი მიმოსვლის შემთხვევაში ცენტრიც სხვა დატვირთვით იმუშავებდა. ვცდილობთ, ფასები შედარებით დაბალი იყოს და ამაზე გვაქვს საუბრები მოიჯარეებთან. გარკვეულწილად არის-ხოლმე ასეთი შეღავათი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს კერძო სექტორია და თავად განსაზღვრავენ. მთლიანობაში, ვფიქრობ, ნორმალური ფასებია,“ – განუცხადა DFWatch-ს დავით მაჭავარიანმა.

ავტოსერვისი, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია. (DFWatch.)

სავაჭრო ცენტრით ზოგადად კმაყოფილი არიან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებიც, თუმცა მცირე ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ, რაც მათ დისკომფორტს უქმნის.

„სახლი რომ ავაშენეთ, სამშენებლო მასალა, შპალერი, აბაზანის ინვენტარი, ყველაფერი რუხის სავაჭრო ცენტრში ვიყიდეთ. საკმაოდ კომფორტულია, მითუმეტეს თუ მანქანა გყავს. ფასებში მცირე სხვაობა, რა თქმა უნდა, არის, ზოგი რამ უფრო ძვირია ქალაქთან შედარებით, ზოგი – იაფი. ტექნიკა შედარებით ძვირია, ჭაღები, ელექტროგაყვანილობა – უფრო იაფი. ასე კონკრეტულად ვერ იტყვი, გააჩნია რისი შეძენა გინდა. მე მიყვარს იქ ყოფნა და როცა ვახერხებ, ყოველთვის მივდივარ. მომსახურებაც მომწონს, მაგრამ ცუდია ის, რომ თუ ბევრს ყიდულობ, საწყობში, ზუგდიდში გაგზავნიან. მე როცა ვყიდულობდი, ასე იყო, მერე თუ რამე შეიცვალა, არ ვიცი, მაგრამ სასურველია, ზუგდიდში არ გვიწევდეს მაინც წასვლა, ან თავად მაინც უზრუნველყონ ადგილზე მოწოდება. ასევე კარგი იქნება თუ ტაქსები ეყოლებათ,“ – ამბობს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრები, 35 წლის ქ.ქ.

ჰიპერმარკეტი. (DFWatch.)

არიან ისეთებიც, ვისაც არაფერი შეუძენია, თუმცა სავაჭრო ცენტრში ნამყოფია და მის არსებობას ასევე დადებითად აფასებს.

„ზუსტად ისეთივე ცენტრია, როგორიც საქართველოს დიდ ქალაქებში. მე ძირითადად მანქანის ნაწილების შეძენა მიწევს, შევადარე ფასები და ჩვეულებრივ საბაზრო ფასებზე ძვირია, ამიტომ ისევ ბაზარში ვარჩევ ყიდვას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მაღაზიაში ყოველთვის უფრო ძვირია პროდუქცია, ვიდრე, მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე. რაც შეეხება ზოგადად სავაჭრო ცენტრის არსებობას, მივესალმებით, რადგან ვინც ახლა აშენებს სახლს, მათთვის საკმაოდ პრაქტიკულია. მოგეხსენებათ, გალის რაიონში ბევრი სახლი დაიწვა, ამიტომ ხალხი ყველაფერს თავიან იწყებს,“ – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში სოფელ ნაბაკევის მკვიდრი, მ.ა.

 

სავაჭრო ცენტრის შენობების საერთო ფართი 10 000 კვ. მ.-ია, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარი. (Facebook.)