ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, სამძიმარს უცხადებს.
„ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ეხლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად“, – ნათქვამია ელჩის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია, 12 მარტს, ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა.
ევროკავშირის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, მან თავი მოიკლა, თუმცა აღნიშნულს ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კვარაცხელია ეკლესიურად ცხოვრობდა და თავს არ მოიკლავდა.
გალის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარზე გადაპარვის დროს დააკავეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კვარაცხელია 17 მარტს სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულს ექსპერტიზა სოხუმშიც ჩაუტარდა.
„ირაკლი კვარაცხელიას კისრის არეში აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი. ეს დამახასითებელია თოკის, რაიმე მავთულის ან სხვა მსგავსი საგნისთვის, რომელიც კვალს ტოვებს სტრანგულაციური ღარის სახით კისრის მიდამოებზე. ცხედარს, რომლიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს, ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა. დაზიანებები, რაც კვარაცხელიას სხეულზე აღენიშნებოდა, თვითმკველობის შედეგადაა მიყენებული თუ მკვლელობის, ამას საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უპასუხონ. ამაზე წინასწარ, ვარაუდის დონეზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ექსპერტიზა მხოლოდ დაზიანებებს აღწერს. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა საბოლოო ლაბორატორიულ დასკვნებს მიიღებს, საერთო ანალიზით შესაბამის შედეგს/დასკვნას დადებენ. საბოლოო დასკვის გაკეთებას კი ექსპერტიზა ერთი თვის ვადაში შეძლებს. გარდაცვლილის სხეულზე ელექტროშოკის კვალი არ შემიმჩნევია“, – აცხადებს ექსპერტი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.