„თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა“, – ამ სიტყვებით წარადგინა რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის 9 ქალი კანდიდატი ოთხშაბათს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, ქალთა როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რის გამოც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და 9 მაჟორიტარ ოლქში ამდენივე ქალი პოლიტიკოსი კანდიდატებად წარადგინა.
„ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ „გავთავისუფლდეთ“. უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში – ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი – ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, ამავე დროს მოპყრობაში მეტ სირბილეს, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
„9 მუზის“ სია ასეთია:
პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე – ბათუმის 69-ე ოლქში;
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ზესტაფონის 52-ე საარჩევნო ოლქში;
დეპუტატი თამარ ხიდაშელი – საბურთალოს მე-4 ოლქი;
დეპუტატი თამარ კორძაია – მთაწმინდის 1-ლი ოლქი;
ყოფილი ჟურნალისტი და ბიზნესმენი ლელა ებრალიძე – ფოთის 61-ე ოლქი;
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო გოგუაძე – ოზურგეთის 59-ე ოლქი;
ქუთაისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე – ქუთაისის 48-ე ოლქი;
ხაშურის საკრებულოს წევრი ირინა გელაშვილი, რომელიც 2012 წელს,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისას ხაშურის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა – ხაშურის 43-ე ოლქი;
ა/ო „კავშირი სამოქალაქო განვითარებისთვის“ დირექტორი ლია როინიშვილი – დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის 38-ე ოლქი
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.