რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საპატრიარქოში ტახტისათვის გამართულ ბრძოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთმანეთს ორი ძალა უპირისპირდება – მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის და მეუფე იაკობის. ეს უკანასკნელი კი, სამნიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან, კერძოდ კი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია და ამით, ნათლად იკვეთება ხელისუფლების ინტერესები ეკლესიაზე ზეგავლენის მოპოვებისა.
აღნიშნულ თემას რესპუბლიკურ პარტიაში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, სადაც სამნიძემ აღნიშნა, რომ სწორედ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის წრიდანაა დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და ეს, მისი თქმით, მნიშვნელოვან ტენდენციას უსვამს ხაზს.
ხოლო ის ფაქტი, რომ მეუფე იაკობი პრემიერთან დაახლოებული პირია, სამნიძის აზრით, ლოგიკურად ხსნის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების მოტივს, რომელმაც „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“ და დეკანოზი ფაქტობრივად დამნაშავედ წარმოაჩინა.
„ხელისუფლება პირდაპირ ღიად იკავებს ერთ მხარეს და გამოძიებას არ ელოდება… ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დამახინჯებულია ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რაც აუცილებლად გამიჯნული უნდა იყოს,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკელები“ მოითხოვენ, მთავრობამ დაუყოვნებლივ გადახედოს საპატრიარქოს დაფინანსების წესს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.