გალში ე.წ. ვიზის ასაღებად, მოსახლეობას თითქმის ორმაგი თანხის გადახდა უწევს. როგორც DFWatch-თან საუბარში ადგილობრივები აღნიშნავენ, ზაფხულში “ვიზებზე” მოთხოვნა საგრძნობლად მატულობს, შესაბამისად, აფხაზი ჩინოვნიკები ამ გზით ფულის შოვნის შანსს ხელიდან არ უშვებენ.
„ამ სეზონზე თითქმის ყველას ჩამოჰყავს ნათესავები, ზოგს შვილი, შვილიშვილები, ამისთვის კი აუცილებელია ვიზის აღება, რომელსაც სოხუმში და გალში, ქართული (ე.წ. საზღვარგარეთის) პასპორტის საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ გასცემენ. ვიზა ორი სახისაა – 10-დღიანი და 1-თვიანი. გალში 10-დღიანი ვიზის აღება 1800 რუსული რუბლი ჯდება (72 ლარი), სოხუმში კი 700 რუბლი (28 ლარი). ერთთვიანი „ვიზა“ გალში 2800 რუსული რუბლი ღირს (112 ლარი), სოხუმში კი 1400 (56 ლარი),” – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრმა რ.ა.-მ.
ადგილობრივები საფასურში სხვაობის მიზეზად კორუფციას ასახელებს.
„არანაირი სხვაობა გალსა და სოხუმში გაცემულ საბუთებს შორის არ არის, ორივე ადგილას ერთნაირად ხდება ჩაბარება და გაცემის ვადებიც ერთნაირია. მიზეზი მხოლოდ ფულის შოვნაა ქართველების ხარჯზე, რადგან ამ სეზონზე ყველას უნდა ოჯახის წევრი და ნათესავი სახლში ჩაიყვანოს სტუმრად, ამიტომ ფულის გადახდასაც მარტივად თანხმდებიან. საბუთები ერთ ადგილას, სოხუმში მზადდება, შესაბამისად, გალში რასაც აბარებ, ისევ სოხუმში იგზავნება, დამატებით ჩვენს მიერ გადახდილი თანხა კი ვიღაცის ჯიბეში მიდის“, – აღნიშნა DFWatch-თან საუბრისას გალის მკვიდრმა ლ.ნ.-მ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, გალის რაიონში მოსახვედრად ენგურს გამოღმა მცხოვრებთათვის, ვისაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღიარებული სხვა საბუთი (ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვა, წითელი საბჭოთა პასპორტი, ფორმა 9) არ გააჩნია, “ვიზა” ერთადერთი საშუალებაა.
აღსანიშნავია, რომ ამ საბუთის მფლობელებს, რუსი მესაზღვრეები პასპორტში საზღვრის გადაკვეთის ბეჭედს უსვამენ.
გალში ყოფნის უფლება, მხოლოდ „ვიზით“ განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი, დროზე ადრე ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში კი უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია 10-დღიანი ვიზის ისევ 10 დღით ან ერთი თვით გაგრძელება. „ვიზის“ მფლობელებს, გადაადგილების უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე აქვთ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.