კახეთში „რთველი 2016“ უკვე დაიწყო. ამ დროისათვის მხოლოდ, დედოფლისწყაროსა და წნორში 1 850 ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 750 ტონა რქაწითელი და 1110 ტონა საფერავი.
ღვინის კომპანიები საფერავში წელს 80 თეთრს, რქაწითელსა და მწვანეში კი 35 თეთრს გადაიხდიან. ამას დაემატება სახელმწიფოსგან სუბსიდია, კერძოდ საფერავზე 20 თეთრის , რქაწითელსა და მწვანეზე კი 45 თეთრის ოდენობით. შედეგად მევენახეები 1 კილოგრამ საფერავში – 1 ლარს, რქაწითელსა და მწვანეში კი – 80 თეთრს აიღებენ.
ამ ფასებით, გლეხთა ნაწილი კმაყოფილი, ნაწილი კი უკმაყოფილოა. ძირითადად, პროტესტს რქაწითელის ფასი იწვევს. სოფელ ჭანდარში მცხოვრებნი ამბობენ, რომ კგ 1 ლარი მაინც უნდა ღირდეს.
გლეხების ნაწილი კი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას, ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გაწეული დახმარებით მოსავლის რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.
„უკმაყოფილო ვერ ვიქნები. ჩემი მხრიდან ეს დიდი უმადურობა იქნება. 5 თეთრითაც რომ დაგვეხმარონ, მთავრობის საჩუქარია და უნდა დავაფასოთ. მით უმეტეს, სუბსიდია 45 თეთრია, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. მართალია, შარშანდელთან შედარებით, წელს “რქაწითელი” ცოტა ნაკლებია, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, თუ ყურძნის ჩაბარება გაგვიმარტივდება”, – ამბობს წინანდლელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 24 აგვისტოს, თელავში, „რთველი 2016″-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდია: კახეთის რეგიონში 1 კგ რქაწითელისათვის – 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანისთვის – 0,45 ლარი; 1 კგ საფერავისთვის – 0,20 ლარი; რაჭა-ლაჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული-ალექსანდროულისთვის კი 2 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე სახელმწიფო სუბსიდიას ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებზე გასცემდა, 2015 წლიდან კი ეს სისტემა შეიცვალა და სუბსიდიას უკვე მეორე წელია უშუალოდ მევენახეები იღებენ.
ცნობისთვის, გასულ წელთან შედარებით, წელს სუბსიდიის ოდენობაც გაიზარდა, კერძოდ 2015 წელს სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი – 15 თეთრის სუბსიდიას გასცემდა.
2015 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფოს მინიმუმ 30 მილიონი ლარი დაუჯდა. მევენახეების შემოსავალმა 102 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა 24 აგვისტოს, თელავში „რთველი 2016“-ის გახსნაზე თქვა, გლეხი ყურძნის საფასურს ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის” ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
მისივე ცნობით, შარშანდელთან შედარებით, წელს ყურძნის მოსავალი შემცირებულია. ამის მიზეზი კი დაავადება „ჭრაქი” იყო, თუმცა სამანიშვილი დასძენს, რომ მოსავალი უმეტეს ადგილებში გადარჩა და ხარისხი ნორმალურია.
ღვინის სააგენტოს ცნობით, წელს 2,638,936 ლარის საფასურის, 3 453 ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. ყურძნის გადამუშავების პროცესში წელს 125 კომპანია ჩაერთვება.
რაც შეეხება გასულ წლებს, 2015 წელს – ჯამში 148 358 ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც 107 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო. 2014 წელს 169 მილიონზე მეტის ღირებულების 122 920 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო 2013 წელს – ყურძნის მოსავალმა მთლიანად საქართველოში 92 366 ტონა შეადგინა, ღირებულება კი 108 მილიონი ლარი იყო.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.