land

(agrokavkaz.ge)

მიწის რეგისტრაციის კანონი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა და რომლითაც მოქალაქეებს 1 წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ მიწის დარეგისტრირება, 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

თუმცა, როგორც DFWatch-ს იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა, რაც აუცილებელია  რეგისტრაციის  პროცესში, მოქალაქეს დააახლოებით აგვისტოს ბოლოდან შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მხოლოდ მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურს გადაუხდის მოქალაქეს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ დეტალები იმის თაობაზე, თუ რა ფართობის აზომვითი ნახაზი იქნება უფასო მომავალ კვირაში გაირკვევა. ამასთან, სახელმწიფო მხოლოდ სერტიფიცირებული ამზომველის მიერ გაკეთებულ აზომვით ნახაზს დააფინანსებს.

ინფორმაცია სერტიფიცირებული ამზომველების შესახებ შესაბამისი უწყებების  –  ეკონომიკის სამინისტროს თუ საჯარო რეესტრის –  ვებგვერდზე გამოქვეყნდება. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ექნება არჩევანი – თუ უფასოდ სურს ნაკვეთის აზომვა, მიმართავს სერტიფიცირებულ ამზომველს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ არასერტიფიცირებულ, კერძო ამზომველ კომპანიას ან პირს მიმართავს, აზომვითი ნახაზის საფასურს უკვე თავად გადაიხდის.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცედურას, როგორც DFWatch-ს საჯარო რეესტრში უთხრეს, მიწის დასარეგისტრირებლად მოქალაქეს შეუძლია მიმართოს – იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს,  და საკუთრების დამადასტარურებელი რაიმე დოკუმენტი, მაგალითად,  მიღება-ჩაბარების აქტი, საკომლო წიგნის ჩანაწერი, საგადასახადო სიიდან ამონაწერი, უნდა წარმოადგინოს. ამის შემდეგ საჯარო რეესტრი ყველა საჭირო დოკუმენტს  თავად მოიძიებს.

„თუმცა, მოქალაქეს იმ შემთხვევაშიც შეუძლია მოგვმართოს, თუ საკუთრების დამდგენი დოკუმენტი არ აქვს. ამ შემთხვევაში უკვე მართლზომიერი მფლობელობა დადგინდება. მოხდება ფაქტების კონსტანტაცია, მეზობლების, საკრებულოს წარმომადგენლის ან სოფლის რწმუნებულის მიერ დადასტურება, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ნამდვილად ამ პირის მფლობელობაშია. ფაქტების კონსტანტაციას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც  საკუთრების დამადასტურებელ აქტს ადგენს, რის შემდეგაც  საჯარო რეესტრი მიწის ნაკვეთს დაარეგისტრირებს,” -აღნიშნეს რეესტრში.

ცნობისთვის, ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დაურეგისტრირებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მათ შორის საძოვარი) მიწის ფართობი – 5 265 019 044 კვ.მ.-ია   და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი – 168 895 246 კვ.მ.

თუმცა, აქ არ შედის რამდენიმე მუნიციპალიტეტის – ხონის, საჩხერის, ხულოს, ხობის, მესტიის, ნინოწმინდის და ბოლნისის – მონაცემები, რომელთა აღწერა-ინვენტარიზაცია ახლა მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება თბილისს, აქ დაურეგისტრირებელია 7 345 239 კვ.მ. მიწის ფართობი.